რაღაც საერთოს ვეძებ პოლიციელის დაჭრასა და 15 წლის მოზარდის დაღუპვას შორის - ილია ნაკაშიძე

19 დეკემბერი 2019, 11:38 2179 ნახვა

საქართველოს პარლამენტში ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, რომ პოლიციელის დაჭრასა და გუშინ წინ 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას შორის საერთოს ეძებს. ილია ნაკაშიძე არ აკონკრეტებს რას გულისხმობს ან ვინმეს ხომ არ ადანაშაულებს განწყობების შექმნაში, თუმცა ამბობს რომ ამ თემის პოლიტიზირება არ შეიძლება. 

''ქართული ოცნების'' დეპუტატმა ამ საკითხზე, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან დღეს ისაუბრა. 

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ეს ჩვენი ქვეყნის ტრაგედიაა. ლამაზი ბიჭის სურათი თვალწინ მიდგას და რაღაც საერთოს ვეძებ ამ პოლიციელის ირგვლივ რაც მოხდა და 15 წლის ბავშვის დაღუპვაში. არ მინდა უბრალოდ დეტალებში შესვლა, ვფიქრობ, რომ გამოძიება გვიპასუხებს რა მოხდა ბავშვის ირგვლივ, ზედმეტი მოძრაობა ამ დღეებში, პოლიტიზირება ამ საკითხის დაუშვებელია. პირველ რიგში დაუშვებელია იმიტომ, რომ ბავშვების ფსიქიკა უნდა დავიცვათ'', - ამბობს ილია ნაკაშიძე. 

გუშინ, გვიან ღამით ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პოლიციელი დაჭრეს. 

ლუკა სირაძე თბილისში, იაშვილის კლინიკაში 17 დეკემბერს, გარდაიცვალა. მოზარდმა თვითმკვლელობა რამდენიმე დღის წინ სცადა. ოჯახი ფსიქოლოგიურ ძალადობაში გამომძიებლებს ადანაშაულებს, რომლებმაც ლუკა სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის გამო „ამ ცხოვრების დედაც“, დაკითხვაზე ჰყავდათ. 

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში