აჭარის მაუწყებლის მე-5 წევრის არჩევამდე 1 დღით ადრე, ყოფილმა კონკურსანტებმა სასამართლოს მიმართეს

07 იანვარი 2020, 15:55 2775 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მეხუთე მრჩევლის კენჭისყრამდე ერთი დღით ადრე, ყოფილი კონკურსანტები არჩევნების შეჩერებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს სთხოვენ. 

ხვალ, 8 იანვარს, "ნაციონალური მოძრაობის" კვოტით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მე-5 წევრობაზე უმაღლეს საბჭოში კენჭს გია ქარცივაძის კანდიდატურას უყრიან.  თუმცა, შესაძლოა პროცესი შეჩერდეს, რადგან ყოფილი კონკურსანტებიდან 4-მა პირმა სასამართლოში იჩივლა და პროცესის შეჩერება მოითოხვა. 

მოსარჩელეები იმ კომისიის მუშაობას ასაჩივრებენ, რომლითაც  პირველ ეტაპზე მონაწილეები გაადარჩიეს. კომისია მედია ექსპერტებით, არასამთავრობო ორგანიზაციისა და პროფკავშირის წევრებით იყო დაკომპლექტებული. 

ციალა ქათამიძემ, არჩილ ხახუტაიშვილმა, ბეჟან გობაძემ და ჯემალ მეგრელიძემ შესარჩევი დროებითი კომისიის გადაწყვეტილების შესაჩერებლად შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გუშინ, 6 იანვარს  მიმართეს. სავარაუდოდ, სასამართლო სხდომა ხვალ დილით ჩატარდება, ხვალ დილიდანაა ჩანიშნული უმაღლესი საბჭოს სხდომაც, სადაც დეპუტატებმა ოპოზიციის კვოტით მე-5 წევრად გია ქარცივაძის კანდიდატურას უნდა უყარონ კენჭი. 

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ კომისია კანდიდატების შერჩევისას საკუთარ კომპეტენციას გასცდა და უმაღლეს საბჭოს და ფრაქციას შემზღუდავი ბარიერები დაუწესა, ეს კი განცხადებების დონეზე ღიადაც დააფიქსირა.

ფიქრობენ, რომ კომისიას შემდგომ ეტაპზე ყველა ის კანდიდატი უნდა გადაეყვანა, ვინც დებულების მიხედვით კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. კომისიის წევრები ამბობენ, რომ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში იმოქმედეს. 

კონტექსტიდან და გასულ თვეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე,ამ კვოტით შერჩეული მეხუთე წევრის დროული მონაწილეობა მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებებში მნიშვნელოვანია, რადგან დღის წესრიგში არხის სტრუქტურული რეორგანიზაცია დგას. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭო 5 წევრისგან შედგება. დღეს საბჭოში 4 წევრია, აქედან სამი კანდიდატი დეპუტატებმა ორი თვის წინ აირჩიეს.

კვოტები კი შემდეგნაერად არის გადანაწილებული - სამი მრჩეველი  მმართველი გუნდის "ქართული ოცნების" კვიტითაა, ერთი დამოუკიდებელი დეპუტატის კვოტით.  მეხუთე წევრი კი, ოპოზიციის , ამჯერად "ნაციონალური მოძრაობის" წარდგენით უნდა შევიდეს ბორდში.  

ახლად დაკომპლექტებულმა ბორდმა, 2019 წლის 22 ნოემბერს ტელევიზიის ახალი დირექტორი, გიორგი კოხრეიძე აირჩია. გიორგი კოხრეიძე ის კონკურსანტი იყო, რომელის სარჩელის საფუძველზე ვერ მოახერხა ძველმა მრჩეველთა საბჭომ მე-4 კონკურსის ჩატარება და მაუწყებლის დირექტორის არჩევა. ამ კონკურსის ერთი დღით ადრე ჩაშლა, მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილმა,  ხელოვნურ პროცესად მიიჩნია და საშიშროება დაინახა, რომ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა მმართველი პარტიის სასარგებლოდ შეიცველბოდა. 

 

 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში