ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუნებას - ზაზა სარალიძე

16 იანვარი 2020, 16:23 1852 ნახვა

საქართველოს ყოფილი მთავრი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შესაძლოა ისევ პროკურორი გახდეს. მისი კანდიდატურა საპროკურორო საბჭოს ''საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ წარუდგინა.

ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე. ის ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ირაკლი შოთაძის კანდიდატად წარდგენას, მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და სამართლიანობისთვის ბრძოლა გრძელდება. 

''მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩემი ბრძოლის მთავარი მიზანი იყო დამნაშავეების სრული სიმკაცრით დასჯა. დათუჩას საქმეზე კონკრეტული ადამიანების თუ მთავრობის პასუხისმგებლობას ვაყენებდი სწორედ იმის გამო, რომ არ მქონდა სამართლიანობის განცდა, არ მქონდა შეგრძნება რომ ყველაფერი სწორად მიდიოდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრმა ჩემი ოჯახის ტრაგედიის გამოყენება პირადი ქულების ჩასაწერადაც კი სცადა!!!
ახლაც გრძელდება ჩემი ოჯახის მიმართ, კონკრეტული პირებისგნ, უსაფუძვლო ბრალდებები!!!

ახლა საქმე მიდის სწორი მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ აღდგება სამართლიანობა და ყველა დამნაშავე აუცილებლად, კანონის სრული სიმკაცრით აგებს პასუხს. არ მაქვს არანაირი პრეტენზია, არ მაქვს არანაირი საფუძველი რომ არ ვენდო გამოძიებას ამ ეტაპზე.

ამიტომ, ჩემთვის არანაირ მნიშვნელობას არ წარმოადგენს ბატონი ირაკლი შოთაძის გენპროკურორად დაბრუბა.

ვფიქრობ,რომ ამ საქციელით მას სურს დაგვანახოს თავისი უდანაშაულობა დათუჩას მიმართ და ღირსეულად ბრძოლის ველზე დაბრუნებად შევაფასებ!!!

დაველოდები მისგან ღირსეულ ნაბიჯებს და აუცილებლად ბოლომდე მივყვები ამ საქმეს რათა ყველა დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს და არავინ დარჩეს დაუსჯელი!!!!!

ყველას დავაფასებ ვინც სიმართლეს დააფასებს!!!'' - წერს ზაზა სარალიძე. 

დღეისთვის საქართველოს გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოსთვის 9 კანდიდატია წარდგენილი.  კონსულტაციები და კანდიდატების წარდგენა 2020 წლის 17 იანვრის ჩათვლით გრძელდება.

ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობდა, 2018 წლის  31 მაისს დატოვა, მას შემდეგ რაც  ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე, ზაზა სარალიძემ უნდობლობა გამოუცხადა პროკურორს და თქვა, რომ საქმე ისე მიჰყავს პროკურატურას, რომ გარდაცვლილი მოზარდის მკვლელი ვერ დადგინდა, რადგან მას სისტემა მფარველობს. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში