თქვენს წინაშეა სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის - თეა წულუკიანი

21 იანვარი 2020, 12:23 1728 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია  პატიმრებთან არ დადის. ამის შესახებ თეა წულუკიანმა პარლამენტში, ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა. 

„თქვენს წინაშეა სახალხო დამცველი, რომელიც მესამე წელი დაიწყო, რაც ასრულებს თავის ფუნქციას. ეს არის სახალხო დამცველი, რომელიც პატიმრებთან არ დადის“, – აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, 2018 წელს ნინო ლომჯარია სულ ოთხჯერ იყო საპატიმროში, გასულ წელს კი საერთოდ არ ყოფილა.

თეა წულუკიანი ამბობს, რომ ომბუდსმენი ციხეში შერჩევითი პრინციპით არ უნდა დადიოდეს. 

''გავიგე, რომ უვადო პატიმრებს არ ხვდებით და მათი პრობლემები არ გაწუხებთ. ალბათ გაინტერესებთ, მაგრამ შორიდან. გავიგე, რომ სნეულ პატიმრებთან არ დადიხართ თუ ის ბატონი მამალაძე არ არის. გავიგე, რომ არ დადიხართ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილ ყოფილ ძალოვანებთან, თუ ის მირზა სუბელიანი არ არის. სხვათა შორის არც ნომერ მეცხრე დაწესებულებაში არ დადიხართ იმ პატიმრებთან, რომელთა გულშემატკივარი მე ვარ მანამ, სანამ არიან პატიმრები.

მან სამკურნალო დაწესებულებაში ინახულა ერთი პატიმარი, შემდეგ მოინახულა მეშვიდე დაწესებულება, როცა ის იყო ცარიელი, გახსნამდე, აგვისტოში ის ეწვია მეცხრე დაწესებულებას ბატონ გიორგი მამალაძეს, ოქტომბერში გლდანის დაწესებულებაში მოინახულა მირზა სუბელიანი.

2019 წელს ქალბატონი ნინოს ჩვენთან მობრძანებისა და პატიმრების მონახულების რიცხვი არის ნული. 2020 წელს, გამომდინარე პოლიტიკური აჟიოტაჟიდან, რომელიც მიმდინარეობდა ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ქალბატონმა ნინომ მოინახულა გიორგი მამალაძე... მე ვფიქრობ, როცა პატიმარი ითხოვს დაჟინებით პირადად ომბუდსმენთან შეხვედრას, ომბუდსმენი ციხეში უნდა დადიოდეს, ან რომც არ ითხოვდეს პატიმარი, მას უნდა ჰქონდეს პროფესიული მოთხოვნილება, იაროს ციხეში'' - განაცხადა წულუკიანმა სიტყვით გამოსვლისას. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველისა და იუსტიციის მინისტრების მოსმენა მიმდინარეობს. ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ N2, N8, N14 და N15 პენიტენციურ დაწესებულებებში სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე მომზადებულ სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენება წარადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში