თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს-არასამთავრობოები

21 იანვარი 2020, 17:16 1860 ნახვა

8 არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ თეა წულუკიანის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის კადრების გასაჯაროებისა და აღნიშნული მექანიზმის ექსპერტის მიმართ არაკონსტრუქციული კრიტიკის გამო მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

"აღნიშნული ქმედება, ერთი მხრივ, უხეშად არღვევს როგორც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პრინციპებს, მეორე მხრივ კი ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს. მივიჩნევთ, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ეს ქმედება მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საფუძველი უნდა გახდეს.

პრევენციის ეროვნული მექანიზმი დღესდღეობით წარმოადგენს ერთადერთ ორგანიზმს, რომელსაც უფლება აქვს, სპეციალური ნებართვის გარეშე შევიდეს თავისუფლების აღკვეთისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში და შეამოწმოს იქ განთავსებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა. შესაბამისად, პრევენციის ეროვნული მექანიზმი ინფორმაციის ერთადერთი წყაროა დახურულ და მათ შორის, პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ მე-19 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, „საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.“

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენელი გადაწყვეტს, პატიმარს გაესაუბროს ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ, აღნიშნული კადრების გასაჯაროება კატეგორიულად დაუშვებელია და უხეშად არღვევს ზემოთ მითითებულ პრინციპებს"- ვკითხულობთ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადების სრული ვერსიის სანახავად გადადით ლინკზე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში