წაკითხულის გაანალიზება და რიცხვების დაჯამება თუ არ შეუძლიათ, ტრენინგებს ვერ ჩავატარებთ - მინისტრი ოპოზიციას 

23 იანვარი 2020, 14:29 1950 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებს პასუხობს და ამბობს, რომ რეგიონში არცერთი შეჩერებული პროექტი არ არის. ჯაბა ფუტკარაძის განმარტებით, წინა წელს დაწყებული და მიმდინარე წელს გაგრძელებული პროექტების საინვეტიციო ღირებულება 4 მილიარს ლარს აღწევს. 

მინისტრმა დღეს თქვა, რომ ტრენინგებს ვერ ჩაუტარებს იმ ადამიანებს, რომლებმაც რიცხვების დაჯამება და წაკითხული ინფორმაციის გაანალიზება არ შეუძლიათ.

''იმ შემთხვევაში თუ არსებობენ, რიგი პირებისა, რომლებსაც არ შეუძლიათ წაკითხული ინფორმაციის გაანალიზება და რიცხვების დაჯამება, ჩვენ ახლა ამაზე ტრენინგებს ვერ ჩავატარებთ. 

რაც შეეხება უშუალოდ ინვესტიციების მოცულობას, თავდაპირველად გაჟღერებყული იყო 3 მილიარდი ლარის ინვესტიცია, თუმცა პროცესების და პროექტების მიმდინარეობისას დაკორექტირდა ეს მონაცემი და ახლა ოთხი მილიარდი ლარის ინვესტიციაზეა საუბარი. რეგიონში პრაქტიკულად არ გვაქვს  არცერთი შეჩერებული პროექტი. ყველა ინტენსიურად მიმდინარეობს. გაცემული სამშენებლო ნებართვების და გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზის საფუძველზე, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ კიდევ ერთხელ მყარად განვაცხადოთ: გასულ წელს დაწყებული და 2020 გაგრძელებული პროექტები 4 მილიარდ ლარს გადაცდება. 

მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არ მოსწონთ ამ ინფორმაციის გაგონება. მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით ავღნიშნო, რომ რეგიონში აბსოლუტურად ყველა მაკროეკონომიკური მაჩვენებელი და პარამენტრები მზარდია. საუბარია, როგორც დასაქმებულთა რაოდენობაზე, აგრეთვე კერძო სექტორის მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობაზე, ასევე პირდაპირი უცხოურ ინვესტიციებზე თუ სხვა ნებისმიერ მაკროეკონომიკურ მაჩვენებელზე, აბსოლუტურად ყველაფერი არის მზარდი.

განსაკუთრებულად ხაზგასმით მინდა ავღნიშნო 2019 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით, 30 მილიონი ლარით არის გაზრდილი საშემოსავლო გადასახადის შედეგად მიღებული შემოსავალი. ეს მართლად უპრეცედენტო ზრდაა'', - განაცხადა მინისტრმა აჭარის მაუწყებელთან საუბრისას. 

დღეს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრებმა ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ აჭარის მთავრობა ინვესტიციებთან დაკავშირებით იტყუება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში