ჩხუბში ვერავინ ვერ ზომავს ერთხელ მოხვდება თუ ორჯერ - ''ქართული ოცნების'' დეპუტატი

24 იანვარი 2020, 16:33 1929 ნახვა

საკრებულოში ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრი ლევან ხაბეიშვილი სცემეს. შემთხვევას წინ უძღოდა სიტყვიერი დაპირისპირება. 

''მათი სტილია ლაჩრობა, ზურგიდან მოპარვა, ერთ ადამიანს რამდენიმე ქოცი დამესია. მე მინდა ვუთხრა მათაც და საზოგადოებასაც, ვინმეს თუ გონია, რომ ჩემი თვალი და შუბლი არის პრობლემა ძალიან ცდება. მე ჩემი ცხოვრება, ოჯახი, შვილები გადადებული მაქვს ბიძინა ივანიშვილთან, კახა კალაძესთან და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლაში. ვინმეს თუ გონია, რომ მომერია ცდება. ერთი-ერთზე ვერ მერევიან, ათი კაცი კი'', - უთხრა ჟურნალისტებს სხდომიდან გამოსულმა ლევან ხაბეიშვილმა. 

''ქართული ოცნების'' დეპუტატი, ავთანდილ ცინცაძე ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს წევრებს პირადი შეურაცხყოფა მიაყენა და პასუხიც მიიღო. ჩხუბში კი ვერავინ ''ზომავს'' ვინ რამდენჯერ მოხვდება. 

''მოგვაყენა შეურაცხყოფა და მივუთითეთ, რომ არ შეიძლება ასეთი მოქცევა. მითუმეტეს იმ ადამიანის მხრიდან, რომელსაც ერთი ნაბიჯიც კი არ გადაუდგამს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. როგორ შეიძლება ასეთმა ადამიანმა ილაპარაკოს იმ ადამიანებზე, ვისზეც ილაპარაკა. ამიტომ მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. ყველანაირ პოლიტიკურ ჩარჩოებს გასცდა. გადავიდა პირად შეურაცხყოფაზე და მიიღო პირადი პასუხი. 

მოხდა ჩხუბი და ჩხუბში ვერავინ ვერ ზომავს ერთხელ მოხვდება თუ ორჯერ. მისი ბრალია, რაც მოხდა ყველამ დაინახა. ფიზიკური ძალადობა არ უნდა გამართლდეს და არ უნდა მოხდეს, უბრალოდ ამას საფუძველი ჩაუყარა თვითონ. მის საქციელს მოჰყვა ეს ყველაფერი'' - ამბობს დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე. 

მომხდარზე განმარტებები გააკეთა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემაც. თქვა, რომ ლევან ხაბეიშვილისგან პირად შეურაცხყოფას ისმენდნენ. 

საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი, ბექა დავითულიანი კი ამბობს, რომ ლევან ხებეიშვილი ორი წელია ცდილობს ვიღაცამ სცემოს. 

''ეს ძალადობა, რა თქმა უნდა, სასიამოვნო და სასურველი არავისთვის არ არის. მე საერთოდ არ ვფიქრობ, რომ საკრებულო უნდა იყოს მუშტი-კრივისა და დედის გინების ადგილი. უბრალოდ დედის გინება დაიწყო ერთმა მხარემ და მეორე მხარისგან მოყვა მუშტი-კრივი, აი ამაშია საქმე. არც დედის გინების ადგილი უნდა იყოს, არც ფიზიკური და არც სიტყვიერი შეურაცხყოფის. ორი წელია, ლევან ხაბეიშვილი ცდილობს, რომ ეს გამოიწვიოს და ვიღაცამ სცემოს, სამწუხაროდ მიაღწია ამ მიზანს“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში