ჩავთვალეთ, რომ სიტუაციის განმუხტვა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეთავაზებით შეიძლებოდა - თალაკვაძე აქციებზე

29 იანვარი 2020, 11:18 1296 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, გასული წლის ივნისში, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ პროპორციულ სისტემაზე გადასვლა პროცესებს განმუხტავდა - ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “თავისუფალ ხედვაში” ისაუბრა.

მოქალაქეებს ''გავრილოვის ღამის'' შემდეგ რამდენიმე მოთხოვნა ჰქონდათ, მათ შორის იყო ვადამდელ პროპორციულ  საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, მაშინ “ქართულმა ოცნებამ''  ცვლილება დააანონსა, თუმცა მოგვიანებით პროექტი პარლამენტმა ჩააგდო.

აქციის მონაწილეები ასევე ითხოვდნენ თანამდებობა დაეტოვებინა შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას. მოგვიანებით ის პრემიერ მინისტრად დაინიშნა. 

„20 ივნისს, როდესაც ოპოზიციამ პარლამენტში ძალით შეჭრა სცადა და სახელმწიფომ ამას უპასუხა, ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესი და ერთმანეთთან მაგიდასთან საუბარი რომ არ იყო, ცხადია. რა თქმა უნდა, რეალურად, ეს დესტაბილიზაციის მცდელობა იყო. ხელისუფლებას ამაზე ძალიან პასუხისმგებლიანი რეაქცია ჰქონდა – პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო კონსტიტუციით ერთ-ერთმა ყველაზე მაღალი თანამდებობის პირმა, პარლამენტის თავმჯდომარემ. მეორე, ჩვენ გავაანალიზეთ ეს სიტუაცია და ჩავთვალეთ, რომ სიტუაციის განმუხტვა შესაძლებელი იყო, თუ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შეთავაზებას გავაკეთებდით. ეს გადაწყვეტილება მიიღო და გამოაცხადა პარტიის თავმჯდომარემ. ჩვენ ბოლომდე მაინც გვჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, ეს სტაბილურობისა და ნორმალური თანამშრომლობის გარანტორი გამხდარიყო, მაგრამ გამოცხადებული დაპირების მიუხედავად, მეორე დღესაც გაგრძელდა ქუჩაში დესტრუქციული ქმედებები, პარლამენტის წინ აქციები, ჩვენი კოლეგების მისამართით მძიმე შეურაცხყოფები და ა.შ.“ – განაცხადა თალაკვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში