ჩინურ კორონავირუსს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გლობალურ საფრთხედ აცხადებს

31 იანვარი 2020, 10:49 2341 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ეპიდემიას გლობალურ საფრთხედ აცხადებს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო შეხვედრის შემდეგ ჟენევაში პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

როგორც ორგანიზაციის კომიტეტის წევრებმა აღნიშნეს, ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის პირველი შემთხვევა უხანში დადასტურდა, თუმცა ამ გზით გადაცემის უკვე რვა შემთხვევა დაფიქსირდა გერმანიაში, იაპონიაში, ვიეტნამსა და აშშ-ში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, არსებობს საფრთხე, რომ ვირუსი გავრცელდეს ჯანდაცვის სუსტი სისტემების მქონე ქვეყნებში და მათ მხარდაჭერისთვის მზაობას აცხადებენ. 

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა, ჩინეთთან შედარებით, დანარჩენ მსოფლიოში გაცილებით დაბალია, „ყველამ ერთობლივად უნდა ვიმოქმედოთ, რათა შევზღუდოთ ვირუსის შემდგომი გავრცელება“. 

20 იანვრიდან, 10 დღეში ამ ვირუსმა უხანის პროვინციიდან მთელი ჩინეთი მოიცვა. 

ახალი ტიპის კორონავირუსს 170 ადამიანი ემსხვერპლა. ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 7 834 ადამიანი, მათ შორის 7 736 დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირებულია ჩინეთში, 98 კი მსოფლიოს 18 ქვეყანაში.

ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის რვა შემთხვევა დასტურდება. მძიმე მდგომარეობაშია 1370 პაციენტი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში