შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული 6 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს - რას ამბობენ დაკავებულების ადვოკატები

31 იანვარი 2020, 12:06 5129 ნახვა

ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების სავარაუდო შეკვეთილი მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებული 6 ბრალდებულის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დაკავებულებს შორის 4 ბათუმელია -  ნუგზარ ბეჟანიძე, გოჩა თადუმაძე, როლანდ ბერიძე და იური მჟავანაძე. ორი, გიორგი ბიბილაური და ბექა ცინცაძე კი სუს-მა თბილისში აიყვანა.  

ბექა ცინცაძე დაკავებულებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. სუს-ის მტკიცებით, მან ავტომობილის აფეთქებისთვის საჭირო დისტანციურად მოქმედი ორი კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობა და 1 კგ ასაფეთქებელი ნივთიერება „ტროტილი“ უკრაინის მოქალაქეს გადასცა.

ადვოკატმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ცინცაძის რაიმე ტიპის კავშირი დანაშაულთან აბსურდია. ადვოკატი ამბობს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს კრიმინალური წარსული არ აქვს, წარმატებული პროდუსერია და მას ხელი არ მიუწვდება მტკიცებულებებზე, რომ გაანადგუროს. ამიტომ, ადვოკატი წინასწარი პატიმრობის ნაცვლად 10 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. 

გიორგი ბიბილაურმა კი გამოძიების მტკიცებით, უკრაინის მოქალაქეს მიაწოდა ინფორმაცია ძმები ფეიქრიშვილების, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების და ახლო კავშირების საცხოვრებელი სახლების განლაგების და საზოგადოებრივი თავშეყრის იმ ადგილების შესახებ, რომლებსაც ხსენებული პირები სტუმრობდნენ და აღნიშნული ინფორმაციის შესწავლა დაავალა. სუს-ის მტკიცებით, დანაშაულის შესრულების მიზნით, ბიბილაურმა უკრაინის მოქალაქეს გადასცა ცეცხლსასროლი იარაღი - პისტოლეტები, ავტომატები ვაზნებითა და დამატებითი მჭიდებით და ფულადი თანხის ნაწილი 4000 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც საჭირო იყო თავდასხმის ოპერაციის დაგეგმვის, მომზადებისა და სხვა ხარჯებისათვის. 

გიორგი ბიბილაურის ადვოკატმა  დღეს სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ბიბილაურს  წინასწარი პატიმრობის  სანაცვლოდ 25 000 ლარიანი გირაოს გადახდა შეუძლია.  თბილისში დაკავებულ ორივე პირს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

დანარჩენ ოთხს პირს კი, რომლებიც ბათუმში აიყვანეს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 6-დან 9 წლამდე პატიმრობა. მათ გამოძიება ედავება დისტანციური ასაფეთქებელი მოწყობილობის კუსტარულ დამზადებას. გამოძიების ვერსიით, ასაფეთქებელი ნივთიერებები დამზადდა და თბილისში ბექა ცინცაძეს გადაეცა. 

სასამართლო პროცესზე ბათუმელი იური მჟავანაძის ადვოკატმა თქვა, რომ მჟავანაძე თანამშრომლობს გამოძიებასთან, ის უნებლიეთ აღმოჩნდა ამ საქმეში, ყველა ინფორმაცია მიაწოდა სამართალდამცველებს და ამიტომ მინიმალური ოდენობის, 2000 ლარიან  გირაოს ითხოვს თავისუფლების სანაცვლოდ. ადვოკატი ამბობს, რომ მას და მოხუც მამას არ აქვს ამ ფინანსური რესურსი და ამ თანხას მისი სიძე გადაიხდის.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბრალდებულს, გოჩა თადუმაძეს. მისი ადვოკატიც აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობს გამოძიებასთან, წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება. მიიჩნევს, რომ ბრალდების დამადასტურებელი საქმეში არ არსებობს. ადვოკატი ირწმუნება, რომ ის მიმალვას არ აპირებს, მის კმაყოფაზეა ოჯახი და პატიმრობაში არ უნდა დარჩეს. "თუ სასამართლო ჩათვლის რაიმე სახის აღკვეთა უნდა შეეფარდოს, ეს იყოს გირაო 10 000 ლარის ოდენობით" - განაცხადა სასამართლოზე ადვოკატმა. 

როლანდ ბერიძის, იგივე "ჩაკიას" ადვოკატმა 5000 ლარიანი გირაო შესთავაზა სასამართლოს და დაამატა, რომ შესაძლოა ამ თანხის გაზრდაც.

ბათუმში დაკავებული ოთხივე პირი, პროკურორის ინფორმაციით ნასამართლევები არიან.

მოსამართლემ 6 ბრალდებული წინასწარპატიმრობაში დატოვა. შემდეგი პროცესი 26 მარტს ჩაინიშნა.  

აღნიშნულ საქმეზე სულ 7 პირია დაკავებული, მათგან ერთი უკრაინაში. 6 პირიდან 2-ს სახელმწიფო ბრალდება განზრახ მკვლელობის მომზადებას, დანარჩენ 4 პირს კი ფეთქებადი და ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადება და გასაღებას ედავება.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში