ჩვილის გაყიდვის ბრალდებით 7 ადამიანი დააკავეს, ბავშვი კი სახელმწიფო ზრუნვაში გადავიდა

12 თებერვალი 2020, 09:53 4191 ნახვა

სამართალდამცველებმა დააკავეს 7 პირი, რომლებიც ბავშვის გაშვილების უკანონო სქემაში იყვნენ ჩართულები. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულია ბავშვის დედა, ორი ექიმი და სავარაუდოდ ის პირები, რომლებმაც ბავშვი იშვილეს. ამაში კი 13 000 დოლარი გადაიხადეს.

როგორც საგამოძიებო უწყება ამტკიცებს, დაკავებულთაგან, ერთ - ერთი გასულ წლებში, ამავე სახის დანაშაულზეა ნასამართლევი.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, პირადი მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, განიზრახეს გაეყიდათ არასრულწლოვანი, ხოლო მიღებული თანხა გაენაწილებინათ ურთიერთშორის. ბრალდებულებმა, მოიძიეს ბავშვის შეძენის მსურველი პირი, რომელსაც ბავშვის შეძენის სანაცვლოდ, მოსთხოვეს 13 000 აშშ დოლარი" _ წერია საგამოძიებო უწყების პრესრელიზში.

გამოძიების ვერსიით ბავშვის დედა, ფეხმძიმობის პერიოდში, შესაბამისი სამედიცინო პროცედურების გავლის და საავადმყოფოში მშობიარობის დროს, დარეგისტრირდა სხვა პირის გვარ-სახელით.

"საგამოძიებოს სამსახურმა, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, განხორციელებული ახალშობილის გაყიდვის შემდეგ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართული შვიდივე პირი დააკავა, ხოლო, ახალშობილი დროებით მეთვალყურეობაში გადასცა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკიგნის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს"- წერია საგამოძიებოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალდება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14-დან 17-წლამდე ვადით. 

 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში