უგულავას დაპატიმრებაზე ევროპარლამენტარების გამოხმაურებები გრძელდება - ხელისუფლება პარტნიორებს კომისიის შექმნას სთავაზობს

13 თებერვალი 2020, 12:18 1289 ნახვა

გიგი უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან გამოხმაურებები გრძელდება. 4 ევროპარლამენტარი საქართველოში პოლიტიკური ფიგურის დაპატიმრების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და ფაქტს ქვეყნაში დემოკრატიის უკან დახევად აფასებს.

გიორგი ვოლსკიმ, დღეს განაცხადა, რომ კომისიის წევრები საქართველოში ჩამოვლენ და გიგი უგულავას საქმეს მათთან ერთად განიხილავენ. მისივე განმარტებით, ეს საკითხი მსჯელობის საგანი მხოლოდ კომპეტენტური დასკვნის შემდეგ უნდა გახდეს.

"გიგი უგულავას თემა აქტუალურია საქართველოშიც და უკვე გადაინაცვლა საერთაშორისო დონეზეც, უამრავი სპეკულაცია, განცხადებები, გაუგებრობა, შეუთანხმებელი პოზიციების გაჟღერება მოჰყვა მის სასამართლოს დასრულებას და გამოტანილ განაჩენს ამასთან დაკავშირებით.

როგორც მოგეხსენებათ, სტრასბურგში მყოფმა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა გამართა კონსულტაციები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და გადაწყდა, რომ შეიქმნება ევროპარლამენტარების მონაწილეობით ფაქტების დამდგენი მისია, რომელიც იქნება მრავალპარტიული, ისინი ჩამოვლენ საქართველოში, შეისწავლიან ამ საქმეს და დასკვნებს გააკეთებენ თუ რა მოხდა.

კომისია ჩამოვა საქართველოში და ამ საკითხებს სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტით განიხილავს ჩვენთან ერთად და შესაბამის დასკვნებს გააკეთებს იმასთან დაკავშირებით თუ რა მოხდა. ეს თემა უნდა გახდეს საერთაშორისო მსჯელობის საგანი,  მხოლოდ მას შემდეგ რაც კომპეტენტური დასკვნა დაიდება, წინააღმდეგ შემთხვევაში აზრთა სხვადასხვაობა მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოს და მის სტაბილურობას" -  განაცხადა გია ვოლსკიმ.

გუშინ მმართველმა გუნდმა ევროპარლამენტარებს შესთავაზა, გიგი უგულავას საქმეზე შეიქმნას ფაქტების შემსწავლელი კომისია. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში