ოჯახში ძალადობის შედეგად გასულ წელს 7 ქალი გარდაიცვალა - მოკლეს ან თავი მოიკლა

13 თებერვალი 2020, 16:22 1961 ნახვა

2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა პოლიციისადმი მომართვიანობა, რაც ნდობის გაზრდასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიუთითებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის 6000-ზე მეტ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 2018 წელს გამოძიება დაიწყო 5621 შემთხვევაზე.

გასულ წელს ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა 4564 პირს. უმეტესი მათგანის მიმართ გამოყენებული იქნა დაკავების ღონისძიება. 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3955 პირის მიმართ.

2019 წელს სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ფაქტებზე მსხვერპლთა დაცვის მიზნით 10 266 შემაკავებელი ორდერი გამოსცეს.

უწყების ინფორმაციით, შემცირდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის მაჩვენებელი. 2019 წელს, ოჯახში ძალადობის ფაქტებზე გამოცემული შემაკავებელი ორდერი 376-მა პირმა, ანუ მხოლოდ 4%-მა დაარღვია. 2018 წელს დაფიქსირდა შემაკავებელი ორდერების დარღვევის 6%-იანი მაჩვენებელი;

მათივე განმარტებით, 2018-2019 წლებში, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში არც ერთი მკვლელობა არ მომხდარა.

"შემცირდა ოჯახური დანაშაულის შედეგად ქალთა მკვლელობების მაჩვენებელი. ოჯახური დანაშაულის შედეგად 2016 წელს გარდაიცვალა 14 ქალი, 2017 წელს - 14 ქალი, 2018 წელს - 7 ქალი, ხოლო 2019 წელს - ასევე 7 ქალი.

გაიზარდა ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე პასუხისგებაში მიცემულ პირთა რაოდენობა. კერძოდ, ოჯახის წევრის მიერ ქალის თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე 2018 წელს პასუხისგებაში მიცემული იქნა 2 პირი, ხოლო 2019 წელს - 9 პირი"- ამბობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში