კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას შეუდგა

17 თებერვალი 2020, 10:51 2748 ნახვა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მზადებას შეუდგა. ილიას ზუროსმა შეკრებაზე 16 კალათბურთელი გამოიძახა, ხოლო ნაკრების კიდევ 8 კანდიდატი სარეზერვო შემადგენლობაში შეიყვანა. პირველი ვარჯიში ნაკრებმა უკვე თბილისის სპორტის სასახლეში ჩაატარა , რომელშიც მონაწილეობა 14-მა კალათბურთელმა მიიღო.

დუდა სანაძე და თად მაკფადენი თბილისში გვიან ღამით ჩამოვიდნენ და ნაკრებს დღეს 17 თებერვალს შეუერთდებიან. საქართველოს ნაკრებში ივარჯიშა ბათუმის საკალათბურთო კლუბის ახალგაზრდა ბათუმელმა კალათბურთელმა ალექსანდრე ფევაძემ. პირველ ვარჯიშზე ილიას ზუროსის განკარგულებაში შემდეგი კალათბურთელები იყვნენ: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, მერაბ ბოქოლიშვილი, საბა ლობჯანიძე, ირაკლი სულხანიშვილი, დავით კაკუშაძე, მიხეილ ბერიშვილი, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, ბექა ბურჯანაძე, ილია ლონდარიძე, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი და გიორგი ტურძილაძე.

ილიას ზუროსს ასისტენტობას უწევენ მილოშ გლიგორიევიჩი, მანუჩარ მარკოიშვილი და ანატოლი ბოისა. პირველი ვარჯიში მოთელვითი ხასიათის იყო და მწვრთნელთა შტაბს მოთამაშეები დიდად არ დაუტვირთავს. იყო ნაკლები ტაქტიკა და მეტი სროლა. ფარქვეშ შესვლები და პერიმეტრზე სწორ გადაადგილებაში ვარჯიში. ჯანმრთელობის მხრივ, პრობლემა მხოლოდ გიორგი ცინცაძეს აქვს, რომელმაც სრული დატვირთვით ვერ ივარჯიშა, თუმცა ექიმები და მათთან ერთად მწვრთნელებიც იმედიანად არიან, რომ ნაკრების ძირითადი გამთამაშებელი მომავალი მატჩებისთვის მოასწრებს ფორმის აღდგენას.

პირველი სანაკრებო ფანჯრის ფარგლებში საქართველოს ეროვნული საკალათბურთო გუნდი 2 მატჩს გამართავს: 20 თებერვალს თბილისში შვეიცარიას უმასპინძლებს, ხოლო 23-ში ბელგრადში , სერბეთს დაუპირისპირდება. ილიას ზუროსი ნაკრებს 17, 18 და 19 თებერვალს ავარჯიშებს, რის შემდეგაც შვეიცარიასთან მატჩისთვის 12-კაციან შემადგენლობას დაასახელებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში