ბათუმში ყელის არეში დაჭრილ პოლიციელს, მის მეწყვილეს და მოკლული სამართალდამცველის ოჯახს ბინა გადაეცა

21 თებერვალი 2020, 14:03 27576 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა დღეს, 21 თებერვალს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - ბუტა ანთაძის ოჯახს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილ პატრულ-ინსპექტორს - ოთარ თავართქილაძეს და მისი მეწყვილე - ავთანდილ მჟავანაძეს ბინები და მედლები გადასცა.

ოთარ თავართქილაძე ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გამვლელმა ყელის არეში დაჭრა. შემთხვევა 18 დეკემბერს მოხდა. პოლიციელი სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობდა. 

მეორე ვისაც საცხოვრებელი ფართი გადაეცა მისი მეწყვილეა, რომელმაც სწრაფად იმოქმედა და თავდამსხმელი ადგილზე დააკავა. 

ბინა საკუთრებაში დაუკანონდა ასევე, ბუტა ანთაძის ოჯახს. დაღუპული პოლიციელიე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - "მამაცობისთვის". მედალი მის მეუღლეს გადაეცა. მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსი, პოლიციის მაიორი ბუტა ანთაძე 2018 წლის 15 ივნისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ქობულეთში დაიღუპა.

"შევიკრიბეთ, რომ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მხარდაჭერა და პატივისცემა ჩვენი პოლიციელების მიმართ, მათ ოჯახების მიმართ. ასეთი ერთ-ერთი იყო ბუტა ანთაძე, რომელიც დაიღუპა 2018 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. ასევე თავართქილაძეს, რომელსაც თავს დაესხა მოქალაქე და ყელის არეში დაჭრა. მათ გადავეცით ბინები, იმ პოლიციელების ოჯახებს შევუმსუბუქებთ ყოფას, ვინც დავკარგეთ'', - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა. 

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი - ოთარ თავართქილაძე და მისი მეწყვილე - ავთანდილ მჟავანაძე ასევე დაჯილდოვდნენ მედლით - "მამაცობისთვის".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში