​ ''ლელო საქართველოსთვის'' ბათუმის რეგიონულ ოფისს ირაკლი კუპრაძე უხელმძღვანელებს

23 თებერვალი 2020, 15:10 2841 ნახვა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ ''ლელო საქართველოსთვის“ ბათუმის რეგიონულ ოფისი გახსნა, რეგიონის წარმომადგენლად კი ირაკლი კუპრაძე დაასახელეს.

კუპრაძის განცხადებით, ბათუმი ურბანული კატასტროფის წინაშე დგას და ეს იქნება ერთ-ერთი პრობლემა, რომლის მოგვარებაზეც გაერთიანება იზრუნებს.

''ჩვენ მზად ვართ, რომ ქალაქის ყველა ქუჩა, ყველა უბანი, ყველა სახლი და ეზო მოვიაროთ, გავიგოთ თქვენი გასაჭირი და ეს გავიტანოთ იქამდე, სანამდეც საჭირო იქნება გამარჯვებისთვის. ქალაქი, რომელშიც დღითი-დღე იზრდება უსამართლობის განცდა, ქალაქი, რომელიც ურბანული კატასტროფის წინაშე დგას – ჩვენ ამას დავასრულებთ – ადამიანები, რომლებიც არ გამოვჩენილვართ დღეს და გუშინ. ჩვენ წლების განმავლობაში ვიდექით თქვენთან ერთად, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე. ჩვენ ვქმნით გუნდს, რომლის წევრებსაც გააჩნიათ კომპეტენცია, გააჩნიათ ცოდნა და გულწრფელი სურვილი იმისა, რომ შეცვალონ არსებული რეალობა. შეცვალონ არა ნეგატივისკენ ორიენტირებით, უარყოფით  წინა, თუნდაც წარმატებებისა, არამედ მომავალზე ხედვით. ხედვით, რომ ჩვენი ქვეყანა უნდა გაერთიანდეს ადამიანების ერთობით. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ადამიანები, ჩვენ უნდა ვესაუბროთ ყველას, ჩვენ მოწინააღმდეგეებს პირველ რიგში, ჩვენს მომხრეებს, ახალგაზრდებს და ახალგაზრდების წვლილი აჭარაში და ბათუმის ოფისში იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი“''- განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

''ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკურ გაერთიანებას ირაკლი კუპრაძე „ლელოს“ ჩამოყალიბებისას შეუერთდა. მანამდე ის  სამოქალაქო აქტივისტი იყო. ის  „აუდიტორია 115-ის“ წევრი და „მწვანე მუშტის'' აქტივისტია. 

ბათუმამდე თანაპარტიელები თელავსა და ქუთაისში უკვე წარადგინეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში