აზარტული თამაშების ბიზნესს ბიძინა ივანიშვილი ლობირებს - ლევან გოგიჩაიშვილი

24 თებერვალი 2020, 13:57 1907 ნახვა

აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამირების აკრძალვის კანონპროექტი მეორე წელია ვერ დაამტკიცეს. დამოუკიდებელი დეპუტატების ინიციატივა, პარლამენტში, დაახლოებით, ერთი წლის წინ ''ჩავარდა''. ცვლილებებით იკრძალება აზარტული ან მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის, გარე რეკლამის, ყველა სატრანსპორტო და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით. ასევე, კანონპროექტით აკრძალულია აზარტული ან მომგებიანი თამაშისთვის განკუთვნილ შენობა-ნაგებობაზე დაწესებულების შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის განთავსება, რომელიც 10 კვადრატულ მეტრს აღემატება.

საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული იყო ჯარიმებიც.

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ აზარტულ თამაშებს ბიძინა ივანიშვილი ლობირებს, სწორედ ამიტომ ვერცერთი პრემიერ მინისტრის დროს აღნიშნული პრობლემა ვერ მოგვარდა. 

''აზარტული თამაშების კანონპროექტის პაკეტი უკვე ორი წელია თაროზე დევს, როგორც ადმინისტრირების ასევე მომხმარებლების შემცირების კუთხით სერიოზულ გარღვევას მოახდენდა, შეამცირებდა ამ ქვეყანაში ფულის რეალური გათეთრების რისკებს და არასრულწლოვნებს დავიცავდით აზარტული თამაშების სერვისების მიღებისაგან, ''ჩავხსნიდით'' საჯარო ბიუროკრატებს და რეალურად მოვაგვარებდით პრობლემებს. ორ წელზე მეტია ვერცერთმა პრემიერ მინისტრმა ამ საკითხს ხელი ვერ ახლო. ე.ი ყველა გზა მიდის ბიძინა ივანიშვილთან. მასთან ხდება ამ სტატუს-ქვოს შენარჩუნება, მასთან ხდება ამ ადამიანების კომუნიკაცია, ან ვიღაცის მეშვეობით მასთან. ეს სეგმენტი, რომელიც უკვე მრავალმილიარდიანია, აბსოლუტურად უკონტროლოა. ძალიან მარტივი სქემაა ფულის გასათეთრებლად, ადამიანებს კი ეს ამ ქვეყანაში აწყობთ. 

ვერ გავარღვიეთ წრე, რომ ეს კანონპროექტი გასულიყო. ვერც პრემიერ მინისტრმა ვერ შეძლო, ვერც პარლამენტის თავმჯდომარემ ვერ შეძლო. მარტივი ლოგიკა არის ის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ამ ყველაფერს ლობირებს, ან არ უნდა, რომ ქვეყანაში ეს სტატუს-ქვო შეიცვალოს'', - უთხრა ჟურნალისტებს ლევან გოგიჩაიშვილმა. 

კიდევ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება კანონპროექტის გამოტანისგან რატომღაც თავს იკავებს. 

"აზარტულ თამაშებს რაც შეეხება, არჩილ თალაკვაძემ სიამაყით კი გამოგვიცხადა რომ მალე გამოიტანენ კანონპროექტს, რომელიც ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მომზადდა, თუმცა, ჩვენ ვერ ვხედავთ ამ კანონპროექტს, მიუხედავად იმისა, რომ მზადაა და წინ წესით არაფერი უდგას. რატომ არ გამოაქვთ დღემდე უცნობია", - განაცხადა "ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ნაცვლიშვილმა.

ცვლილებების ინიციატორები დეპუტატები ლევან გოგიჩაიშვილი, ბექა ნაცვლიშვილი, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, ბიძინა გეგიძე, ზვიად კვაჭანტირაძე და ეკა ბესელია არიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში