რას უკავშირდება ლარის გაუფასურება - ეროვნული ბანკი განმარტებებს აკეთებს

12 მარტი 2020, 14:30 2141 ნახვა

ლარის გაუფასურება კორონავირუსის პანდემიას უკავშირდება, - განცხადება  საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.  

''კორონავირუსის პანდემია საერთაშორისო და რეგიონული მასშტაბით გაურკვევლობას იწვევს, რაც გავლენას ახდენს ფინანსურ ბაზრებსა და სავალუტო კურსზე'' -  წერია ოფიციალურ განცხადებაში.  როგორც უწყებაში განმარტავენ, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ანუ დაბალი ინფლაციის შენარჩუნებაა.

„მიუხედავად იმისა, რომ საგარეო მოთხოვნის შესუსტება ინფლაციის შემცირებაზე მოქმედებს, გაცვლითი კურსის გაუფასურებას საპირისპირო ეფექტი აქვს და ინფლაციურ რისკებს ზრდის. საბოლოო გავლენა ინფლაციაზე და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის რეაგირება, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რომელი ფაქტორის გავლენა გადაწონის. ამ ეტაპზე მოვლენათა შესაძლო განვითარებასთან დაკავშირებით გაურკვევლობა საკმაოდ მაღალია, თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკი მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად არის. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით ბაზრის დინამიკას და, როგორც ყოველთვის, საჭიროებისამებრ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ქვეყნის მთავარ  საფინანსო ინსტიტუტში მიიჩნევენ, რომ „აღნიშნულ გაუფასურებაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. ერთი მხრივ, კორონავირუსის გავრცელება გლობალურად და საქართველოში, ტურისტული ნაკადების მოსალოდნელ შემცირებას განაპირობებს. ამავე დროს, ნავთობის საერთაშორისო ფასების ვარდნა საქართველოს ნავთობის ექსპორტიორი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებიდან საგარეო მოთხოვნის შესუსტებასა და ფულადი გზავნილების შესაძლო შემცირებაზე მიუთითებს. შედეგად, გაიზარდა სავალუტო შემოდინებების შემცირების რისკები, რაც მოლოდინების არხით შესაბამისად აისახა სავალუტო ბაზარზე. მსგავსი სურათია ჩვენი რეგიონის ქვეყნების უმეტესობაშიც, სადაც ბოლო დღეებში ადგილობრივი ვალუტები უფასურდება. მეორე მხრივ, ავიამიმოსვლების შეზღუდვის გამო, მოიკლებს ვალუტის გადინება საქართველოდან უცხოეთში, ასევე შემცირდება ტურისტულ მომსახურებასთან დაკავშირებული იმპორტი, რაც გაცვლით კურსზე პოზიტიურად იმოქმედებს. ამავე დროს, საქართველოს დამოკიდებულება გზავნილებზე ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნებიდან მნიშვნელოვნად შემცირებულია, რაც ასევე დადებითი ფაქტორია“, - წერია გავრცელებულ  ინფორმაციაში.  

დღეს საქართველოს პრემიერ -მინისტრმა   ეკონომიკურ გუნდს დღის ბოლომდე ეკონომიკური სტიმულირების გეგმის წარმოდგენა დაავალა. 

ეროვნული ბანკი ლარის ოფციალურ გაცვლით კურსს დღეს 17 საათზე დაადგენს. 

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში