4,9 მილიონი ქართველის პერსონალური მონაცემები ჰაკერულ ფორუმზე გამოქვეყნდა

30 მარტი 2020, 14:51 2039 ნახვა

 „ჰაკერულ ფორუმზე 4,9 მილიონი ქართველი ამომრჩევლის დაბადების თარიღი, საცხოვრებელი მისამართი და სხვა პერსონალური მონაცემები გამოქვეყნდა“ ,- ინფორმაციას ZdNet  ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, მონაცემთა ბაზა არ იყო განახლებული და სიებში მილიონამდე გარდაცვლილი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციაც მოხვდა.

ფორუმის მომხმარებელი, რომელმაც მონაცემები გააზიარა ამბობს, რომ  მონაცემები საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური საიტიდან მოიპოვა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში  საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოს უთხრეს, რომ ინფორმაცია რომელიც უცხოურ პრესაში გავრცელდა ცნობილია  სამინისტროსთვის.

„მიმდინარეობს საკითხის დეტალური შესწავლა და უახლოეს პერიოდში გაკეთდება დამატებითი განმარტებები“, - გვითხრეს უწყებაში.

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კი აცხადებენ, რომ მონაცემები, რომელიც ჰაკერულ ფორუმზე გავრცელდა, ცესკო-ს ოფიციალურ მონაცემებს არ ემთხვევა.

უწყებაში ამბობენ, რომ  საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ბაზაში სამი მილიონ ხუთასი ათასი ამომრჩეველია, სადაც არ არის ასახული გარდაცვლილი მოქალაქეები და არც ამომრჩევლის ტელეფონის ნომრებია მითითებული.

„ჩვენთან არ არის ინფორმაცია გარდაცვლილი პირების შესახებ. არც ამომრჩევლის მამის სახელი, არც პირადობის ნომრები და არც ტელეფონის ნომრებია ჩვენს ბაზაში. ეს არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის ბაზა. ესაა რაღაც სხვა ბაზა და ამაზე დამატებით ინფორმაციას მე ვერ გავავრცელებ", — ამბობს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი ანი მიქელაძე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში