ყველაფერს გავაკეთებთ, თუ მოგვეცა საშუალება აღდგომაზე ეს რეჟიმი აღარ იყოს - გიორგი გახარია

30 მარტი 2020, 17:46 1918 ნახვა

ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა, ქვეყნის პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ხვალიდან, 31 მარტიდან, მთელს ქვეყანაში მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლა 21:00 საათიდან ეკრძალებათ. 

პრემიერის თქმით მუშაობის უფლება ექნებათ სტრატეგიულ ობიექტებს, ასეთებია - ბანკი, სააფთიაქო ქსელი, სასურსათო მაღაზიები, პურის საცხობები და ა.შ. 

შეძლებს თუ არა მრევლი მართლმადიდებლობისათვის უდიდესი დღესასწაულის აღნიშვნას ტაძრებში? პრემიერი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ამის საშუალება იყოს, თუმცა ზოგადად საყოველთაო კარანტინი ნიშნავს იმას, რომ სახლებში ვიყოთ. 

მინდა მივმართო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს — ამ პირობების და ამ შეზღუდვების შესრულება არის ზღვარი, რომელზეც გადის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ყველა უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა, ვიყოთ ეფექტურები და ეს არის ის შემთხვევა, როცა განურჩევლად ჩვენი პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის მსოფლმხედველობისა, ვემსახურებით ერთადერთ მიზანს, ეს არის საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

საყოველთაო კარანტინი ნიშნავს იმას, რომ მოქალაქეებს ვაიძულოთ სახლში დარჩეს. სრული კარანტინი ნიშნავს, რომ მხოლოდ და მხოლოდ აფთიაქებს შეეძლებათ ფუნქციონირება 21 საათს შემდეგ, ეს არის ის მინიმუმი, რისი დათმობა ჩვენ შეგვიძლია დღეს. 

კომუნიკაცია იყო ეკლესიასთან და ეს კომუნიკაცია გაგრძელდება. ამ კომუნიკაციის შედეგია, რომ ბევრმა ეკლესიამ დააწესა სპეციალური წესები. ბევრმა ეკლესიამ მოახერხა და მოახდინა ეკლესიის ეზოების ხმის სისტემით აღჭურვა, რათა მრევლს შეეძლოს, გარეთ იმყოფებოდეს.

ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენი მთავრობის პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ყოველთვის ვიპოვით კომპრომისს ეკლესიასთან. რადგან მე ვერ წარმომიდგენია, ისევე როგორც რიგით ადამიანს, მრევლს, რიგით ქრისტიანს, ვერ წარმომიდგენია, რა შეიძლება იყოს ადამიანის სიცოცხლეზე უფრო მაღალი ფასეულობა როგორც მთავრობისთვის, ასევე ეკლესიისთვის" - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში