Covid-19-ით ინფიცირებულ ბავშვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს - ჯანდაცვის მინისტრი

01 აპრილი 2020, 20:14 3951 ნახვა

ბათუმიდან თბილისში Covid 19-ით ინფიცირებული არასრულწლოვანი გადაჰყავთ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, არასრულწლოვანს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ბებიასთან ერთად ბათუმის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. 

ზაალ მიქელაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ 10 წლის ბავშვის მშობლები თბილისში ცხოვრობენ, სწორედ ამიტომ მიიღეს პაციენტის დედაქალაქში გადაყვანის გადაწყვეტილება.  

"5 მოქალაქეს ავუღეთ ანალიზი, აქედან 4-ის პასუხი უარყოფითია, გვაქვს მხოლოდ ერთი დადასტურებული შემთხვევა. ბავშვი, რომლის მოგზაურობის ისტორიაც უკავშირდება ევროპას - კონკრეტულად საფრანგეთს. ის იმყოფებოდა საკარანტინო ზონაში ბებიასთან ერთად. მიღებული გადაწყვეტილებით, ვითვალისწინებთ ოჯახის თხოვნას და ის გადადის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, " - განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძე.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ბავშვების მკურნალობა რეგიონში შესაძლებელია და ამისთვის მედიკოსები და კლინიკები მზად არიან.

''ბათუმის ინფექციური საავადმყოფო და ბავშვთა კლინიკა, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის მოსაღებად და სამკურნალოდ მზად არის და უზრუნველყოფილია ყველა პირობა, თავისი ბოქსირებული განყოფილებებით. აქ მხოლოდ და მხოლოდ მშობლის თხოვნა გავითვალისწინეთ'', - თქვა ზაალ მიქელაძემ. 

საქართველოში კორონავირუსის 117 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5783 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 301 ადამიანია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში