''ქართული ოცნების'' წევრები მომდევნო სამი თვის ხელფასის ნაწილს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ

02 აპრილი 2020, 17:09 2028 ნახვა

საქართველოს მთავრობისა და პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები, მომდევნო სამი თვის ხელფასის ერთ-მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ამგვარი სოლიდარობის მაგალითი იყო ჩვენი პარტიისა და მისი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების მოხალისეობრივი ჩართულობა ჩვენი საზოგადოების სოციალურად დაუცველი წარმომადგენლებისთვის სოციალური დახმარების მიწოდებაში. ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად, პარტიაში მიმდინარე დისკუსიისა და კონსულტაციების საფუძველზე, მივიღეთ გადაწყვეტილება, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობაში, მთავრობისა და პარლამენტის თითოეულმა წევრმა, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადავრიცხოთ ჩვენი მომდევნო სამი თვის ხელფასის 1/3.

მზად ვართ შევიტანოთ წვლილი ეპიდემიასთან ბრძოლის საქმეში. დარწმუნებული ვართ, ჩვენი პარტიის სხვა წევრებიც, ყველა, ვისაც მიუხედავად რთული ვითარებისა, აქვს შესაძლებლობა, დასაქმებულია კერძო თუ საჯარო სექტორში და აქვს შემოსავალი, ამ შემოსავლისა და სოციალური მდგომარეობის შესაბამისად, განახორციელებენ შენატანებს აღნიშნულ ფონდში და ამით გამოხატავენ სოლიდარობას ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ. ეპიდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლაში ჩართული ადამიანების პროფესიონალიზმთან ერთად, სოლიდარობა არის მთავარი რამ, რაც საშუალებას მოგვცემს, პრობლემა დავძლიოთ მინიმალური ზიანით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში