COVID 19 -ით აშშ - ში 400 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

08 აპრილი 2020, 18:25 2082 ნახვა

2 000 ლეტალური შემთხვევა დაფიქსირდა  ბოლო დღე-ღამეში ამერიკის შეერთებულ შტატებში, რაც მსოფლიოში  COVID 19 - ის პანდემიის დაწყებიდან  სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტრში, ნიუ-იორკში ინფექციამ 4009 ადამიანი იმსხვერპლა, რაც გაცილებით  მეტია, ვიდრე 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა.                   

აშშ - ში დღეისთვის 400 000 მეტი ინფიცირებულია.  ეპიდემიოლოგების შეფასებით,  ქვეყანაში  ლეტალურ შემთხვევათა რაოდენობამ  შესაძლოა 240 000 მიაღწიოს.                             

პანდემიის ფონზე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აკრიტიკებს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უზარმაზარ თანხებს იღებს  აშშ-სგან.  მან  ჩინეთთან ჩვენი საზღვრების ჩაკეტვის შესახებ ჩემი აკრძალვა გააკრიტიკა. იგი  არ არის მართალი.  მრავალ საკითხში ცდება. აშკარაა, რომ ჯანმო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს  ჩინეთს მაშინ, როცა იგი მეტწილად აშშ-ისგან ფინანსდება. ჩვენ დაფინანსების საკითხის გადახედვას ვაპირებთ. აი მაშინ ვნახავთ. კარგია, როცა ჯანმო მუშაობს, მაგრამ როცა იგი  მუდმივად  ცდება,  ეს უკვე კარგი არ არის“, - აცხადებს დონალდ ტრამპი.

კორონავირუსის პანდემიის პირობებში ქვეყნის ერთადერთ ვისკონსინის შტატში საპრეზიდენტო კანდიდატების პრაიმერიზი გაიმართა.               

გუშინ შტატის უმაღლესმა სასამართლომ კენჭისყრის გადატანის  შესახებ  გუბერნატორის  გადაწყვეტილება  გააუქმა. 

ამ დროისთვის, მსოფლიოში მილიონ 447 ათასზე მეტი ინფიცირებულია, 83 000 მეტი გარდაცვლილი და 309 000 გამოჯანმრთელებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში