ხიჭაურის უნივერსიტეტში სავალდებულო ონლაინ სწავლება არ მიმდინარეობს - სტუდენტები

09 აპრილი 2020, 15:25 4908 ნახვა

შუახევში მდებარე უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე არ გადასულა - ირწმუნებიან უნივერსიტეტის სტუდენტები.  ისინი საჯარო კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ, თუმცა ამბობენ ონლაინ ლექციები არ ჩატარებიათ. ჩვენი ინფორმაციით, სწავლა უნივერსიტეტში  მარტიდან არ განახლებულა. 

​ხიჭაურის წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტში  ვერ დავადგინეთ, აპირებს თუ არა უნივერსიტეტი სავალდებულო დისტანციური სწავლების უზრუნველყოფას, უნივერსიტეტში ადგილზე ადმინისტრაციის წევრები არ იმყოფებოდნენ. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შეეცადა ინფორმაცია ტელეფონით დაეზუსტებინა. დავუკავშირდით უნივერსიტეტის რექტორს და პრესსამსახურს.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.  უნივერსიტეტის რექტორმა, მეუფე სპირიდონმა კი მას შემდეგ გაგვითიშა ტელეფონი, რაც ვუთხარით, რომ მედიასაშუალებიდან ვუკავშირდებოდით. 

აჭარის მაუწყებელი შეეცდება  დააზუსტოს და მოგვიანებით შემოგთავაზოთ რექტორის პოზიცია, რას გეგმავს უნივერსიტეტი სამომავლოდ და აპირებს თუ არა ახალ სისტემაზე გადასვლას. 

საქართველოს მთავრობის 23 მარტის #181-ე დადგენილების თანახმად, საქართველოში სასწავლო პროცესი, კოვიდ ეპიდემიის თავიდან აცილების მიზნით, კიდევ ერთხელ - 21 აპრილამდე გადავადდა.

დადგენილებაშია განმარტებულია, რომ შეზღუდვა ეხება როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე უმაღლეს სასწავლებლებს. ამასთან აღნიშნულია, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სასწავლო დაწესებულებებმა სასწავლო პროცესი დისტანციური მეთოდის უნდა განახორციელონ.

„მუხლი 3. საგანმანათლებლო პროცესის შეზღუდვა

1. საგანმანათლებლო დაწესებულებებში 2020 წლის 21 აპრილამდე შეჩერდეს სასწავლო პროცესი. ზოგადასაგანმანათლებლო და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებმა აღნიშნული განხორციელოს დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში).

2. 2020 წლის 21 აპრილამდე საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების ადმინისტრაციები გადავიდნენ დისტანციური მუშაობის რეჟიმზე (კრიტიკულად მნიშვნელოვანი აუცილებლობის გარდა).

3. იკრძალება ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, გარდა დისტანციური ფორმისა.

4. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოებების, ასევე პროფესიული მომზადების და პროფესიული გადამზადების და პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებული ადმინიტრაციული წარმოების დისტანციურად, კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოების ვადები შეჩერებულად ჩაითვალოს საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე“, - წერია მთავრობის დადგენილებაში.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში