საქართველოს მასშტაბით, აფთიაქებში შეტანილი ე.წ. დოლბანდის პირბადეები ამოიყიდა. მინისტრის განცხადებით, ორი დღის წინ 400 000 პირბადე შეიტანეს ქსელებში და თითქმის გაიყიდა, ამბობს რომ იმედი აქვს მალე შევა ახალი რაოდენობა აფთიაქებში.
"პირბადე არ არის აქსესუარი, ის უპირველესად არის დამცავი საშუალება. იმედი გვაქვს, რომ მალე გახდება მხოლოდ აქსესუარი " - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
თურნავას თქმით, ყველა ნიმუში რომელიც ქართულ ფაბრიკებში იკერება, იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში და მისი ეფექტურობა ვირუსის დაცვისგან მოწმდება.
კითხვაზე რა უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს ამ დოლბანდის პირბადეების შეკერვა? თურნავა პასუხობს, რომ საკმაოდ ძვირი, რადგან მსოფლიოში სამედიცინო დოლბანდის შესყიდვა გართულებულია. სახელმწიფო შეკერვის გარდა თანხას ხარჯავს პირბადეების სუბსიდირებაში, 1.08 ლარის ღირებულების პირბადე აფთიაქებში 0.50 თეთრი ღირს.
"განვმარტავ პირბადეების თვითღირებულებასთან და ფასთან დაკავშირებით, როგორც ვთქვი, თითოეული პირბადის შეკერვა გვიჯდება ლარზე ოდნავ მეტი, კონკრეტულად 1 ლარი და 8 თეთრი. მექანიზმი არის შემდეგი, სახელმწიფო, ეკონომიკის სამინისტრო ამ შემთხვევაში ვიძენთ სამედიცინო დოლბანდს უცხოეთიდან, ამას ვაკეთებთ ჩვენ იმიტომ, რომ დღეს სამედიცინო დოლბანდი არის სტრატეგიული პროდუქტი და ბევრმა ქვეყანამ აკრძალა, შეზღუდა მისი გარეთ გატანა. ჩვენი დიპლომატიური ძალებით ვახერხებთ ამის მოძიებას და შეძენას კომერციულ ფასად. გარდა ამისა, ამაში არის ჩადებული ჩვენი მკერავების შრომა და საწარმოო ხარჯები, რაც ასახულია თვითღირებულებაში.
თითოეული პირბადის კერვა კონტრაქტების მიხედვით, საშუალოდ ჯდება 60-დან 70 თეთრამდე დღგ-ს ჩათვლით. ძალიან კარგია, რომ მთელმა რიგმა სამკერვალო კომპანიამ მოგვაწოდა პირველი პარტიები უფასოდ და კერვის ღირებულება იქ არ იყო ასახული. ჩვენ დღესაც ვარიგებთ და მანამდეც დავარიგეთ ეს პირბადეები სხვადასხვა კატეგორიაზე, მათ შორის 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებზე, ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებზე, კარანტინში დასაქმებულ ადამიანებთან მიდის ეს პირბადეები უფასოდ, პოლიციელებთან, ჯარში და ა.შ.
მაგრამ იმისთვის, რომ ეს პირბადეები ხელმისაწვდომი გახდეს ბაზარზე და ხელმისაწვდომი რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის, ახლა ანაზღაურებადი პირობით ვაკეთებთ ამას სამკერვალოებთან. თანაბარი პირობებია ყველასთვის. ვისაც აქვს სურვილი გარკვეული მოცულობა უფასოდ შეგვიკეროს, ამას მივესალმებით, მაგრამ იმისთვის, რომ ეს სისტემური იყოს, ჩვენ ამ თანხას ვანაზღაურებთ. ვასაქმებთ 1000-მდე ადამიანს ვინც კერავს პირბადეებს და ეს პროგრამა გაგრძელდება მანამ, ვიდრე ბაზარი არ გაჯერდება“, - განაცხადა თურნავამ.