სურსათით მომარაგების პრობლემა თხილნარში

22 აპრილი 2020, 15:00 2894 ნახვა

სურსათისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემა აქვთ სოფელ ზედა თხილნარში მცხოვრებლებს.   აქ 250-მდე ოჯახი  ცენტრისგან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ცხოვრობს.  მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ამ მანძილის ფეხით გავლის შემთხვევაშიც საჭირო და საკმარისი პროდუქტის შეძენა სოფლის მაღაზიებში არ შეუძლიათ. ადგილობრივების ინფორმაციით, საჭიროებისთვის  გადაადგილების უფლება ვერც  ცხელ ხაზზე დაკავშირების შემდეგ მიიღეს.

იდენტური პრობლემები აქვთ ქვედა თხილნარშიც. მოსახლეობა  ადგილობრივ თვითმმართველობასა და ცენტრალურ მთავრობას შეღავათების დაწესებას ან პროდუქტებით მომარაგებას სთხოვს. ასევე ამბობენ, რომ  ვერც საგაზაფხულო სამუშაოებისთვის საჭირო საწვავის მომარაგებას ახერხებენ. ბენზინგასამართი სადგურებამდე მოქალაქეებს 10-15 კილომეტრის გავლა უწევთ.

მაუწყებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შემდეგ ხელვაჩაურის მერმა ორი მიკროავტობუსი გამოყო, რომლებიც მისი ინფორმაციით, სოფლებში პროდუქტს შეიტანენ. ხოლო მედიკამენტებისა თუ  სასოფლო სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო საწვავის შესაძენად მოქალაქეებმა ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ და შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიხედვით თავიანთი მონაცემები და საჭიროება ჩააწერინონ, რომ  მათ   გადაადგილების უფლება დართონ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში