რაღაც პერიოდი პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ხელთათმანები, ჩვენი ყოველიდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება - გიორგი გახარია

24 აპრილი 2020, 15:27 2734 ნახვა

მთავრობამ შეზღუდვების მოხსნის და ეკონომიკის გახსნის 4 წესი შეიმუშავა. ამის შესახებ პრემიერმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა. გიორგი გახარიას განცხადებით, ამ წესების გარეშე შეზღუდვების მოხსნა ვერ მოხდება.

სოციალური დისტანცირების დადგენილი ნორმების დაცვა; საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება; იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა და დისტანციური მუშაობის გაგრძელება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ფიზიკური კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვა. ეს ის 4 წესია, რომლის დაცვაც შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მოქალაქეებს მოუწევს.

“ჩვენ უკვე გვაქვს მზად შეზღუდვების შემსუბუქებისა და ეკონომიკის გახსნის შემდგომი გეგმა, თუმცა ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პანდემიამ ჩვენი ცხოვრება და ყოველდღიური ქცევა შეცვალა ისე, რომ გარკვეული შეზღუდვები და ღონისძიებები დარჩება წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად და ამ წესების დაცვის გარეშე შეუძლებელი იქნება ეკონომიკის გახსნასა და ეკონომიკის აღდგენაზე საუბარი. ეს წესები ძალიან მარტივია და გლობალური: სოციალური დისტანცირება დადგენილი წესების შესაბამისად არის აუცილებელი და როგორც ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში იქნება აუცილებელი ჩვენს ცხოვრებაში. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პირბადეების ტარება - როგორც ჩანს, რაღაც პერიოდი პირბადე, ელემენტარული ჰიგიენის დაცვა, ხელთათმანები, ჩვენი ყოველიდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება. იურიდიული პირების მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესების დაცვა - ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

ყველა მეწარმემ, ყველა კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს, რომ შეუძლებელი იქნება საქმიანობის აღდგენა და გრძელვადიან პერიოდში გაგრძელება იმ ღონისძიებების გატარებისა და იმ მოთხოვნების დაცვის გარეშე, რომელსაც წარგვიდგენენ ჩვენი ეპიდემიოლოგები და ექიმები. სადაც შესაძლებელია ყველგან, როგორც კერძო და ასევე საჯარო სექტორში, მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული დისტანციური მუშაობის ფორმები, რა თქმა უნდა, იმისთვის, რომ ფიზიკური კონტაქტი მაქსიმალურად შევამციროთ და მინიმუმამდე დავიყვანოთ. ეს არის ის საბაზისო წესები, რომლის დაცვის გარეშე ჩვენ ვერანაირ ეკონომიკის გახსნაზე ან შეზღუდვების შემცირებაზე ვერ ვისაუბრებთ. ეს არის ის ბაზა, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია შემდეგი ნაბიჯების გადადგმა”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის თქმით, ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები მოიხსნება ეტაპობრივად და ეტაპებს შორის შუალედი იქნება 2 კვირა. ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლა კი მოხდება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის ანალიზის შემდეგ. სიტუაციის გართულების შემთხვევაში კი შესაძლოა ეს შეზღუდვები კვლავ ამოქმედდეს

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში