განიხილავს თუ არა ბათუმის საკრებულო ენმ-ს ანტიკრიზისულ გეგმას ხვალ გადაწყდება

07 მაისი 2020, 11:08 1381 ნახვა

შედგება თუ არა ხვალ ბათუმის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის მიერ მომზადებული ანტიკრიზისული გეგმის განხილვა ეს ქვორუმზე იქნება დამოკიდებული. იმის მიუხედავად რომ ნაციონალურ მოძრაობას სხდომის მოწვევაზე საკრებულოს თავმჯდომარემ უარი უთხრა რიგგარეშე  სხდომა მაინც ჩაინიშნა და მისი ჩატარებისთვის 13 დეპუტატის შეკრებაა საჭირო.  

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ პანდემიის ფონზე მაშინ როცა ქალაქს არ აქვს საგანგებო ბიუჯეტი, ბათუმის მერიის აიპი ახალ ავეჯს ყიდულობს. ისინი მოითხოვენ ბიუჯეტში მსგავსი ტიპის ხარჯები დაიზოგოს და ის კრიზისის დაძლევას მოხმარდეს. საუბარია მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე, რომლის ღირებულებაც 50 ათასი ლარია.

საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმა ოპოზიციამ მერთან უნდა შეათანხმოს და საკრებულო ბიუჯეტში ცვლილებებს მერის თანხმობის გარეშე ვერ შეიტანს.  თავად სულიკო თებიძე არ აპირებს ხვალინდელ სხდომას დაესწროს. ის ასევე არ არის ინფორმირებული ახალ შესყიდვასთან დაკავშირებით, მისი ინფორმაციით, მერია საგანგებო ბიუჯეტზე უკვე ერთი თვეა მუშაობს.

რაც შეეხება ტენდერს, მუნიციპალურ ინსპექციაში ამბობენ, რომ იგი თებერვალში გამოცხადდა, თუმცა ერთხელ არ შედგა და ავეჯის შესყიდვა ახალი აიპის შექმნას და სხვა შენობაში გადასვლას უკავშირდება.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში