22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა აღარ გაგრძელდება - გიორგი გახარია

15 მაისი 2020, 15:17 2245 ნახვა

საქართველოს მთავრობა პრეზიდენტსა და პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების თხოვნით აღარ მიმართავს - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა განაცხადა. თუმცა გიორგი გახარიას თქმით შეზღუდვები სრულად არ იხსნება. 

“აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეზღუდვები, რომელიც დაწესებულია, სრულად და ერთბაშად იქნება მოხსნილი. ეს შეზღუდვების ნაწილი, რომელიც აუცილებელია ეპიდემიოლოგების აზრით, რათა ჩვენ შევინარჩუნოთ რისკების კონტროლის ის მაღალი დონე, რომელიც დღეს გვაქვს, აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს, ამისთვის ჩვენ მივმართავთ პარლამენტს, რომ მასთან ერთად დავიწყოთ მსჯელობა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, ვმართოთ ეპიდემია, ვმართოთ ეპიდემიური რისკები საგანგებო მდგომაროების გამოცხადების გარეშე და გვქონდეს შესაძლებლობა, ის შეზღუდვები, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებით იქნება აუცილებელი, დავაწესოთ და აღვასრულოთ”, - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი გახარიას განცხადებით, ის მზად არის ნებისმიერ დროს მივიდეს პარლამენტის და წარადგინოს მოხსენება, როგორ მუშაობდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს. 

„მე მსმენია და მესმის, რომ საზოგადოებაში დაგროვდა გარკვეული კითხვები, საინტერესო კითხვები, მათ შორის ობიექტური კითხვები, იმასთან დაკავშირებით როგორ მოქმედებდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში და ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მინდა განვაცხადო მზაობა როგორც ჩემი პირადი, ასევე მთავრობს თითოეული წევრის, ნებისმიერი სახით პარლამენტშიც მათ შორის მოსვლასთან დაკავშირებით. პარლამენტის თავმჯდომარევ, მინდა გითხრათ, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს, როცა პარლამენტი საჭიროდ ჩათვლის, ვეახლოთ პარლამენტს და წარვუდგინოთ ის დეტალური ანგარიში, თუ როგორ მართავდა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის პირობებში ქვეყანას," - განაცხადა გახარიამ.

აქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, რომელიც შემდგომ 22 მაისამდე გახანგრძლივდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში