არ იქნება რთული კახეთი კოვიდისგან სუფთა ზონად გამოვაცხადოთ - გახარია

19 მაისი 2020, 14:23 1513 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, არ იქნება რთული კახეთი კოვიდისგან სუფთა ზონად გამოცხადდეს. ამისთვის ტურისტულ ობიექტებს გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევთ. გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანა კორონავირუსს კარგად უმკლავდება და ამ ყველაფერთან ერთად უნდა ამუშავდეს ეკონომიკაც. 

პრემიერმა თქვა, რომ ​ქვეყანამ ეს კრიზისი უნდა გამოიყენოს, როგორც შესაძლებლობა. 

''კახეთში ამის გაკეთების შესაძლებლობა იქნება. ბევრი ტურისტული კომპლექსია აქ. ჩვენ უბრალოდ შეგვიძლია წესების დაცვით გამოვაცხადოთ კოვიდისგან სუფთა ზონებად. არ იქნება ეს რთული. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მოთხოვნა იქნება გასათვალისწინებელი. მარტივ რამეზე უნდა შევთანხმდეთ. არ არის საკმარისი ის, რომ საქართველოს კარგად უმკლავდება და მართავს კოვიდის რისკებს. მთავარი არის, რომ ეფექტურად ავამოქმედოთ ეკონომიკა. ამაზეც გავიმარჯვებთ, ცოტა დრო დაგვჭირდება. მსოფლიო იქნება ცოტა სხვანაირი, განსხვავებული კონკურენცია იქნება. 

ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს გარკვეული დროით. ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, როგორც ტურისტული ქვეყნის უნდა გაძლიერდეს. უნდა შევეგუოთ იმას, რომ იმდენ ტურისტს, როგორც შარშან მივიღეთ წელს ვერ მივიღებთ, მაგრამ ჩვენს კონკურენტული უპირატესობას, როგორიც არის  ისტორია, მეღვინეობა, კულტურა, სამზარეულო, სტუმარ-მასპინძლობა ამას უნდა დავამატოთ ის, რომ საქართველო  კარგად მართავს კოვიდს, შეუძლია ვირუსის სწარაფად გამოვლენა და მკურნალობა. ეს ყველაფერი კი გვაძლევს იმისა საშუალებას, რომ ეკონომიკა ავამოქმედოთ'' - განაცხადა პრემიერმა.  

გიორგი გახარიას თქმით, საქართველო უნდა იყოს კოვიდისგან სუფთა, უსაფრთხო და მწვანე ზონა. 

„ჩვენ პირველ რიგში ტურიზმის განვითარებას ვიწყებთ რეგიონებიდან და არა მაგალითად, თბილიდან, იმიტომ, რომ იქ სხვა რისკებია და ამ რისკების მართვა თბილისში ცოტა უფრო რთულია, კახეთში და რეგიონში ბევრად უფრო მარტივია. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს უკიდურესად ფრთხილი და უკიდურესად გააზრებული, არანაირი ერთბაშად სწრაფი მოხსნები ვერ იქნება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავაყენოთ კითხვის ნიშნის და რისკის ქვეშ საქართველოს, როგორც კოვიდ 19-თან ეფექტურად მებრძოლი და კოვიდის რისკების ეფექტურად მართვადი ქვეყნის რეპუტაცია“, - განაცხადა გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში