ბატონები, რომლებმაც კრიმინალური დანაშაული ჩაიდინეს, ციხიდან დაუმსახურებლად გამოვიდნენ - გახარია ოქრუაშვილსა და უგულავაზე

19 მაისი 2020, 16:34 1420 ნახვა

გიორგი გახარიას განცხადებით, მისთვის ირაკლი ოქრუაშვილის და გიგი უგულავას შეწყალება ძალიან მძიმეა. პრემიერის თქმით, მას კარგად ესმის რიგითი მოქალაქეების გაბრაზება, რომლებიც უყურებენ პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას.

„ჩემთვის უკიდურესად მძიმეა როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, ამ შტურმში მონაწილეობდა, ან როდესაც ადამიანმა 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ ისინი პოლიტიკოსები, ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, მათ დაიმსახურეს რაღაც შეწყალება. ეს არის ჩემთვის მძიმე. ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება იმასთან გაკავშირებით, რომლებიც უყურებენ პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლებიც იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ამის გამო ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდგომ შეიწყალეს. თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს შეწყალების სრული, ლეგიტიმური უფლება აქვს და ეს მისი კომპეტენციაა.

სამწუხარო ამ ყველაფერში არის ის, რომ ეს ბატონები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალური დანაშაული და არაფრით განსხვავდებიან რიგითი მოქალაქეებისგან, აბსოლუტურად დაუმსხურებლად გამოვიდნენ და იმის მაგივრად, რომ ქვეყანას გვერდით დაუდგნენ, ამასაც პოლიტიკური სპეკულირებისთვის გამოიყენებენ, იმისთვის, რომ პარლამენტში თბილი ადგილებისთვის იბრძოლონ და არ დაინდობენ ქვეყნის ინტერესებს, ათასნაირ სულელურ შეფასებას მისცემენ ამ ყველაფერს. საბოლოო ჯამში კი, ამას გამოიყენებენ პოლიტიკური, ვიწრო, პირადი ინტერესებისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში