''ბოლო ორი ინფიცირებული განიკურნა, შესაბამისად, აჭარამ დაიბრუნა მწვანე ზონის სტატუსი'' - თორნიკე რიჟვაძე

23 მაისი 2020, 17:30 2925 ნახვა

აჭარაში 30 აპრილის შემდეგ, უკვე 23 -ე დღეა, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. 

„დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი და სასიხარულო ინფორმაცია. ბოლო ორი ინფიცირებული რეგიონში განიკურნა, შესაბამისად აჭარამ დაიბრუნა „მწვანე ზონის“ სტატუსი. ჩვენ 30 აპრილის შემდეგ რეგიონში აღარ გვყავს ახალი დაინფიცირებულები. ბუნებრივია, ეს არის საკმაოდ დადებითი, პოზიტიური შედეგი და დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის მოდუნების, თვითკმაყოფილების საფუძველი. ჩვენ გვმართებს, რომ საზოგადოებასთან ერთად, მოსახლეობასთან ერთად გავაგრძელოთ იმ რეკომენდაციების შესრულება, რომელიც შემუშავებულია ჯანდაცვის უწყებების მხრიდან. ის ფაქტი, რომ აჭარამ დაიბრუნა „მწვანე ზონის“ სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ როგორც ეპიდ-რეგიონი იყო საკმაოდ მომატებული რისკის მატარებელი, ვინაიდან ჩვენთან მოეწყო რამდენიმე ათეული საკარანტინო სივრცე, ასევე აჭარა არის საზღვრისპირა რეგიონი ის იყო მაღალი რისკის მატარებელი, თუმცა ყველამ ერთად, პირველ რიგში მოქალაქეების, საზოგადოების მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობით და თვითშეგნებით შევძელით, რომ კარგად, ეფექტიანად გვემართა ეს პროცესი და დღეს გვქონოდა საკმაოდ დამაიმედებელი შედეგი - უსაფრთხო რეგიონის სტატუსი და „მწვანე ზონის“ სტატუსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული სეზონის მოახლოებასთან მიმართებაში. ამიტომ, ყველას ერთად გვმართებს დავიცვათ ის რეკომენდაციები და ძალიან ფრთხილად, მწყობრად დავუბრუნდეთ ეკონომიკის აღდგენის, განახლების ეტაპს და წელს ვუმასპინძლოთ ტურისტებს. 

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ამ ყველაფრისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის მედიკოსებს, მთლიანად საზოგადოებას და ასევე განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის უწყებათაშორის საბჭოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ვინაიდან ყველას კოორდინირებულმა მოქმედებამ მოგვცა საშუალება დღეს ეს შედეგი გვქონოდა, რომელსაც ყველა ერთად უნდა მოვუფრთხილდეთ, რადგან შესაძლოა ეს შედეგი ნებისმიერ დღეს შეიცვალოს“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კლინიკა „მედალფაში“ ამ დრომდე მხოლოდ ორი ინფიცირებული მკურნალობდა, ისინი სამედიცინო დაწესებულებას მალე დატოვებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში