ელჩის დაბარება უკავშირდება, საქართველოში მსჯავრდებული პირის საჯარო თანამდებობაზე დანიშვნას, რაც ორი ქვეყნის თანამშრომლობის სულისკვეთებისთვის შეუფერებელი ნაბიჯია 

25 მაისი 2020, 15:33 1304 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკრაინაში საქართველოს ელჩთან პირველი სამუშაო შეხვედრა და კონსულტაციები დასრულდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ელჩის კონსულტაციებზე დედაქალაქში გამოძახება დიპლომატიურ პრაქტიკაში მიღებული ნაბიჯია.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დააკვირდებიან, რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება და ელჩის დაბრუნებაზე ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.

''დღევანდელ შეხვედრაზე ელჩისგან მოვისმინეთ ინფორმაცია და ვიმსჯელეთ საქართველო-უკრაინის ორმხრივი ურთიერთობების საკითხებსა და პერსპექტივაზე იმ მოცემულობის გათვალისწინებით რაც დღეისათვის არსებობს.

ელჩის დაბარება უკავშირდება, საქართველოში მსჯავრდებული პირის საჯარო თანამდებობაზე დანიშვნას, რაც ქართული მხარის შეფასებით, გახლავთ ორი ქვეყნის თანამშრომლობის სულისკვეთებისთვის მიუღებელი და შეუფერებელი ნაბიჯი. 

ელჩის გამოძახება არ ნიშნავს დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას.

ჩვენ დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით“,- აცხადებენ საგარეო უწყებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში