ვისაც ბინის შესაძენად მშენებარე ობიექტში თანხა აქვს შეტანილი, რისკებს სახელმწიფო დააზღვევს - პრემიერი

27 მაისი 2020, 13:53 2800 ნახვა

ვისაც ბინის შესაძენად მშენებარე ობიექტში აქვს თანხა შეტანილი, ან გადახდილი აქვთ პირველადი შენატანი, ყველა ეს რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული, რომ კომპანიამ შეუფერხებლად გააგრძელოს მშენებლობა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა დეველოპერებისთვის და მშენებლებისთვის. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ კომპანიების დასახმარებლად. ეს არის იმ ჩვენი მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ. არის მათთვის, ვინც უკვე ამ პროცესში შესულია, უკვე გადაწყვეტილი აქვს ან პირველადი შენატანი აქვს გადახდილი. მათთვის, ვინც უკვე მათ დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა და მათი ბინა სამშენებლო ეტაპზეა. ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული, აბსოლუტურად ყველა რისკი, დღეიდან და წლის ბოლომდე"- აცხადებს გიორგი გახარია

მისივე განცხადებით, "სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხების სუბსიდირებას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც გადაწყვეტს წლის ბოლომდე იპოთეკური სესხის აღებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას“

გიორგი გახარიას თქმით, სახელმწფოს მიზანია, რომ სამშენებლო სექტორი არ აღმოჩნდეს იგივე მდგომარეობაში, რომელშიც იყო 2008 წლის კრიზისის შემდეგ.

„მოხდება სამშენებლოს სექტორის მხარდაჭერა, რომ არ მივიღოთ ისეთი შედეგი, როგორიც გვქონდა 2008 წლის კრიზისის შემდგომ, როდესაც დღემდე არის ქალაქში შემორჩენილი ჩონჩხებად დარჩენილი მშენებლობები. ბევრი ვიბრძოლეთ ჩვენ იმისთვის, რომ დღგ-ს შეღავათი გავუკეთეთ 2008 წლამდე ნებართვებით გაცემულ მშენებლობებს, თბილისის მერიამ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, კონკრეტულ პროექტებში შევიდა, რომ ეს უბინაოდ დარჩენილი, უბრალოდ, კომპანიების და მათ შორის, მთავრობის მიერ გადაგდებული ადამიანებისთვის საბინაო უზრუნველყოფის პრობლემა საბოლოოდ მოეგვარებინა. აი, ასეთი რისკი რომ არ შეიქმნას, სწორედ ამიტომ კეთდება ეს“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში