უკან დაბრუნების არანაირი სურვილი არ გვაქვს - პრემიერი ეკონომიკის გახსნაზე 

01 ივნისი 2020, 12:50 1620 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, დღეს მთავრობის გადაწყვეტილებით ეკონომიკური საქმიანობის ნაწილი გაიხსნა. აუცილებელია მოქალაქეებმა დაიცვან წესები, ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცირება. 

გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობის ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლია. 

''რეალურად მას შემდგომ, რაც საზოგადოებრივი სატრანსპორტო ამოქმედდა ღია რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, ყველა სახის ბარები არის გახსნილი. ფაქტია, რომ ყველაფერი ეს იწვევს ქალაქში მოქალაქეების მობილობის ზრდას, რაც რა თქმა უნდა, თავისთავად ვირუსის გავრცელების უფრო მეტ რისკს ქმნის.

დღეს გვაქვს ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა, გუშინ გვქონდა 26, გუშინწინ ცხრა. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ მე ხაზგასმით მინდა ავღნიშნო ერთი რამ, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჩვენ არ დაგვიმარცხებია. საერთოდ შეუძლებელია, ცალკე აღებულ ქვეყნებში ვირუსის დამარცხება, ეს არის გლობალური პანდემია. ვერც ერთი ქვეყანა მსოფლიოში ცალკე აღებული ვირუსს ვერ დაამარცხებს, მასთან გამარჯვება უნდა იზეიმოს მსოფლიომ ერთად.

ჩვენი ამოცანაა ვირუსის გავრცელების ეფექტური კონტროლი, როგორც დროში, ასევე სივრცეში. ბოლო ორი დღის განმავლობაში გაგვიჩნდა ორი ახალი კლასტერი. ერთი თბილისში და ერთი მარნეულში, სოფელ მერეთში. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ამოცანა არის ეფექტური კონტროლი ვირუსის გავრცელების, როგორც დროში სისწრაფე, ასევე გეოგრაფიულად სივრცეში, მაგრამ აქ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა არის ელემენტარული წესების დაცვა. მინდა, თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, ყოველთვის ვატაროთ ნიღაბი, განსაკუთრებით როდესაც ვართ ტრანსპორტში, თავშეყრის ადგილებში. ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. ეს არის ის სამოქალქო პასუხისმგებლობა, რომელიც არის მარტივი, ეს ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ.

რატომ? იმიტომ იძულებული ვართ, რომ ნელ-ნელა გავხსნათ ეკონომიკა. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ არ გვაქვს არანაირი სურვილი უკან დაბრუნების, ეკონომიკის შემდგომი ან ხელახალი გადაკეტვის“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერის განმარტებით, საქართველოს უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს გახსნის.

„ჩვენი მოქალაქეებისგან გვჭირდება ის, რომ დავიცვათ წესრიგი, ვატაროთ ნიღაბი, დავიცვათ სოციალური დისტანცია და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და რაც მთავარია, გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას. მერწმუნეთ, აქედან გამოვალთ კიდევ უფრო გაძლიერებულები და საქართველო, პატარა ქვეყანა შეძლებს, დაუმტკიცოს ყველას, რომ ეფექტურად მართა კრიზისი და შეძლო კრიზისთან ადაპტაცია და შეძლო ასევე, ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება იმისთვის, რომ სწრაფად გამოავლინოს ვირუსი და სწრაფად დააბრუნოს ეკონომიკურ საქმიანობაში მოქალაქეები და სტუმრები“, - განაცხადა გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში