ვმუშაობთ ცვლილებებზე, რომ მოიჯარეებს პირგასამტეხლო ვაპატიოთ ან გადახდის ვადები გადავუვადოთ - თურნავა

04 ივნისი 2020, 12:49 1494 ნახვა

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, იჯარით გაცემულ სახელმწიფო ქონებაზე თუ კერძო პირს ვალდებულებების შესრულების პრობლემა შეექმნება და ის შეძლებს იმის დადასტურებას, რომ ეს პრობლემა პანდემიითაა გამოწვეული სახელმწიფო მათ პირგასამტეხლოს აპატიებს ან გადაუვადებს გადახდის ვადებს. 

"დავაინიცირეთ მთავრობაში და იმედია პარლამენტიც სწრაფად განიხილავს სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში ცვლილება, რომლის თანახმადაც მთავრობას ეძლევა უფლება პანდემიიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე ის ქონება, რომელიც არის განკარგული ქონების მართვის სააგენტოს მიერ, მათ შორის გაიჯარებული  სახელმწიფოს მიერ, თუ კერძო სუბიექტს შეექმნა პრობლემა, ვერ გადაიხადა საიჯარო გადასახადი, დაეკისრა პირგასამტეხლო და ა.შ გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ და შევძლოთ, რომ ვაპატიოთ გარკვეული პირგასამტეხლოები ან გადავუვადოთ გადახდის ვადები. ამით მოიჯარეებს შევუმსუბუქებთ იმ ვალდებულებების შესრულებას, რაც სახელმწიფო ქონების იჯარით აღების ან პრივატიზების დროს კერძო სუბიექტს ეკისრება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პირველ რიგში სასოფლიო-სამეურნეო მიწების იჯარით აღების შემთხვევაში. მაგრამ რა თქმა უნდა დასტურდებოდეს, რომ ეს პრობლემები მათ შეექმნათ პანდემიით და საგანგებო ვითარებით. ეს შეღავათები იქნება ვადაში ჩაკეტილი. მთავრობა ყველა ასეთ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს შეღავათს დაუწესებს"-განაცხადა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის  ინფორმაციით 900-მდე სუბიექტია, ვისაც სასოფლო-სამეურნეო მიწები იჯარით აქვთ აღებული, რომლებსაც პრობლემები შეექმნათ ვალდებულებების შესრულებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში