ძირითადი ამოცანებია საზღვრებისა და შიდა გავრცელების კონტროლი, სწრაფი გამოვლენა და მკურნალობა - პრემიერი 

08 ივნისი 2020, 15:53 1764 ნახვა

''ჩვენი ამოცანაა, ვმართოთ პროცესი, მოვახდინოთ ადაპტაცია და კონტროლი, ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა გლობალურ პანდემიას ვერ დაამარცხებს'' - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გააკეთა. 

გიორგი გახარიამ ისაუბრა დადგენილი სტანდარტებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვის აუცილებლობას, მათ შორის პირბადეების გამოყენებას და სოციალურ დისტანცირებას.

„ჩვენთან ძალიან ხშირად ისმის მცდარი ფორმულირება, რომ საქართველომ ვირუსი დაამარცხა. ვერც ერთი ქვეყანა ცალკე ამ ვირუსს ვერ დაამარცხებს. ეს გლობალური პანდემიაა და შეუძლებელია, რომ ცალკე აღებულმა რომელიმე ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს, ისევე, როგორც ეკონომიკურ კრიზისს ვერ დაამარცხებს ცალკე აღებული რომელიმე ქვეყანა. ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ვმართოთ პროცესი, მოვახდინოთ ადაპტაცია და კონტროლი. ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის რისკების და ვირუსის გავრცელების კონტროლი. ძირითადი ამოცანებია საზღვრებისა და შიდა გავრცელების კონტროლი, სწრაფი გამოვლენა და სწრაფი მკურნალობა. ზუსტად იგივეა ეკონომიკაც. ვერც ერთი ცალკე აღებული ქვეყანა, განსაკუთრებით ჩვენი ზომის ეკონომიკა, შიდა მოთხოვნას ვერ დააგენერირებს, ამიტომ, შეუძლებელია საუბარი, რომ საქართველო ეკონომიკურ ჭრილში ამ კრიზისს მარტო გაუმკლავდება. აქაც გლობალურ ტენდენციებზე ვართ დამოკიდებული“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე.

საბჭოს წევრებმა ასევე იმსჯელეს შეზღუდვების მოხსნის მომდევნო ეტაპზე, რომელიც 15 ივნისიდან ამოქმედდება და გულისხმობს შიდა ტურიზმის ამოქმედებას, ასევე სამგზავრო მატარებლების მოძრაობის აღდგენას.

ამ ეტაპზე, კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში, სადაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები შესაბამის სამედიცინო ღონისძიებებს ატარებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში