ვპირდები მოქალაქეებს, რომ არც ერთი ნაბიჯი არ იქნება უკან გადადგმული - ეკატერინე ტიკარაძე

18 ივნისი 2020, 12:38 1325 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ არცერთი ნაბიჯი არ იქნება უკან გადადგმული  იმისათვის, რომ მოქალაქეების ჯანმრთელობის უფლება და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა დაცული იყოს.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ყველა უწყების ერთობლივი მუშაობის შედეგად ვირუსის პირველი ტალღა ეფექტურად მართეს. 

„მოხარული ვარ, რომ ახლა მეძლევა შესაძლებლობა, მოკლედ შევაჯამო ის ერთი წელი და განსაკუთრებით კი ის ხუთი თვე, რთული ხუთი თვე, რომელიც ჩვენ კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ გვქონდა. ამ ეტაპზე ნამდვილად გვაქვს პირველი ნაბიჯები იმისკენ, რომ გვქონდეს იმედი, რომ ჩვენ წარმატებულად გავართმევთ თავს ამ გამოწვევას.

ჩემთვის კი ამ პერიოდის მანძილზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სისტემური მიდგომა და კოორდინაცია, იმისათვის რომ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სისტემას, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ერთობლივად, უხარვეზოდ ეთანამშრომლა ჰოსპიტალურ სექტორთან. იმისათვის, რომ ჩვენს ექიმებს, სამედიცინო პერსონალს ჰქონოდა უზრუნველყოფილი ყველა საჭირო აღჭურვილობა მათი უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისთვის.

ასევე, თითოეული პაციენტის დროული იდენტიფიცირება, მათი ლოკალიზება და შემდეგ სწორი და უსაფრთხო გადაადგილება შესაბამის სამედიცინო დაწესებულებამდე. ეს იყო ნამდვილად ძალიან დიდი გამოწვევა და პრიორიტეტი.

ერთობლივმა ნაბიჯებმა მოგვცა საშუალება, რომ ეს პირველი ტალღა შევძელით და ვმართეთ და დღესდღეობით ამაყად ვდგავართ ჩვენი საზოგადოების წინაშე, ვინაიდან გამოვიჩინეთ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა.

ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნამდვილად, ვერც ექიმები და ვერც სამთავრობო გუნდის ერთობლიობა და კოორდინაცია ვერ მოგვცემდა იმ შედეგს, რომ არა ჩვენი მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობა და მათი გვერდში დგომა. სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გავიაზროთ და გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ სამომავლოდაც ეს კორდინაცია აუცილებლად გაგრძელდება. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაავადება ჯერ არსად არის წასული, ის ჯერ ჩვენთან ერთადაა და სწორედ ახლა არის მნიშვნელოვანი, რომ გაგრძელდეს ჩვენი კოორდინირებული ნაბიჯები, იმისათვის, რომ შევძლოთ შემდეგი ეტაპების წარმატებულად დასრულება.

სამინისტროს მხრიდან კი, თავისთავად, ჯანდაცვის კუთხით მნიშვნელოვანი არის, რომ გავატაროთ გლობალურად საჭირო ის რეფორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომობას, როგორც ფინანსურს, ასევე გეოგრაფიულს და ჩვენი მოქალაქეებისთვის, ნებისმიერი სოციალური ფენისთვის ხელმისაწვდომი იქნება ჯანდაცვის ხარისხიანი სერვისები'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში