პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

21 ივნისი 2020, 14:01 1599 ნახვა

136-ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.  ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა ხუთმა დეპუტატმა.  რეგისტრაცია კი, 142 დეპუტატმა გაიარა.

დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობას არ ღებულობდა ნაციონალური მოძრაობა. 

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, პარლამენტში 120 წევრს პროპორციული, 30 წევრს კი, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით აირჩევენ.

ცვლილებების თანახმად, პროპორციული არჩევნები ჩატარდება ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, საარჩევნო ბლოკებისთვის კი ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. ასევე, გაუნაწილებელი მანდატები, თუ ასეთი იქნება, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და ბლოკებზე.

„აღნიშნული ზღვარი ერთპარტიული საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას გამორიცხავს იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციული სისტემით ხმათა 40.54%- ზე ნაკლებს მიიღებს; ზემოხსენებული მარჟის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან, რომლებიც პროპორციულად განაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს“, - აღნიშნულია კანონპროექტში.

2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება პარტიას, რომლის მხარდაჭერა 5000 ამომრჩევლის ხელმოწერით იქნება დადასტურებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში