წინ კიდევ ორი მოსმენა და კენჭისყრაა

21 ივნისი 2020, 18:13 1522 ნახვა

პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით 136 ხმით მიიღო. დღევანდელ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღეს დამოუკიდებელმა დეპუტატებმა და ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“, პარტიის წარმომადგენლების თქმით  8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულებულა.

საკონსტიტუციო ცვლილებებს  „ევროპული საქართველოს“ წევრების მხარდაჭერაც ჰქონდა, თუმცა ისინი პროექტის მეორე და მესამე მოსმენით განხილვაში მონაწილეობას არ აპირებენ, თუ გიორგი რურუა საპატიმროს არ დატოვებს. კენჭისყრამდე ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას არ მისცემდნენ კახა ოქრიაშვილი, დავით ჭიჭინაძე, ბიძინა გეგიძე, ნატო ჩხეიძე, ემზარ კვიციანი და ალექსანდრე ერქვანია.

მათგან ხუთმა ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, ნატო ჩხეიძემ კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში