გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს სესიაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს

22 ივნისი 2020, 13:13 1421 ნახვა

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის ფარგლებში, სადაც ასევე დაგეგმილია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუციის - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიღება, გენერალური დებატები გაიმართა. გაკეთდა საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები ევროკავშირის, ბულგარეთის, უკრაინის, ფინეთის, ესტონეთის, ლიეტუვას, ლატვიის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და საბერძნეთის მხრიდან.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„მათ შეშფოთება გამოხატეს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, „კოვიდ-19“ პანდემიის პირობებში, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მძიმე მდგომარეობაზე. კერძოდ, დელეგაციებმა დაგმეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესის გაგრძელება და გადაადგილების თავისუფლებაზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება.

ამასთან, გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შესვლის საჭიროებისა და მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობა და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაუყოვნებელი და უპირობო დაშვება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე, მათ შორის ცხინვალიდან/სამხრეთ ოსეთიდან სასწრაფო სამედიცინო ევაკუაციაზე უარის თქმის შემთხვევებზე, რაც განსაკუთრებით „კოვიდ-19“-ის კონტექსტში კიდევ უფრო ამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოფას, უარყოფით გავლენას ახდენს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასა და უფლებებზე'' - ნათქვამია ინფორმაციაში

საგარეო უწყების განმარტებით, დელეგაციები მიესალმნენ საბჭოს 43-ე სესიის დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოს მიერ ყოველწლიური რეზოლუციის „თანამშრომლობა საქართველოსთან“ ინიცირებას და რეზოლუციის მხარდაჭერა დაადასტურეს.

რეზოლუცია ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2017 წლიდან ყოველწლიურად მიიღება და იგი ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს ასახულ საკითხებთან დაკავშირებით ზეპირი და წერილობითი ანგარიშების წარდგენას.

COVID-19 პანდემიის გამო, ადამიანის უფლებათა საბჭოს 43-ე სესიის მუშაობა 13 მარტს შეწყდა და სამთვიანი პაუზის შემდეგ, 15 ივნისს განახლდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში