გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 50-მდე მოწმე გამოიკითხა - შსს

23 ივნისი 2020, 15:00 1409 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაახლოებით  50 მოწმეა გამოკითხული, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა. ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ განუცხადა.

ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი.

"2020 წლის 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.

 

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

 

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს, რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4- დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი.

 

გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი.

 

დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი , დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის - საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირის, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მოგვმართონ და მაქსიმალურად ითანამშრომლონ ჩვენთან"- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე განცხადებით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის კვალის დაკარგვამდე, მომხდარ კონფლიქტში შაქარაშვილის მონაწილეობის ფაქტი ამ ეტაპზე არ იკვეთება. გამოძიება კი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში