აჭარის მთავრობის განცხადება დაკავებული სპორტსმენების საქმეზე

24 ივნისი 2020, 12:00 1339 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან'' გია დიასამიძე დაკავებული მოჭიდავეების განცხადებების საფუძველზე, აჭარის ხელისუფლებას სარეზერვო ფონდის ხარჯვის მასალებს  გასაჯაროვებას სთხოვს.

დეპუტატის თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა დავით რიჟვაძე კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დროს პოლიციის შენობაში სპორტსმენებს შეხვდა, რომელთაც საჭიროების შემთხვევაში დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი მათ ოჯახებს 2000 ლარიანი დახმარება გადასცეს. დიასამიძის ვარაუდით, ხელისუფლების მხრიდან  ადგილი აქვს უკანონო ქმედებას.

''ერთიან ნაციონალურ მოძრაობას'' აჭარის მთავრობაში პასუხობენ და განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

''ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდება დეზინფორმაცია და ადგილი აქვს მიზანმიმართულ მცდელობას მოახდინონ აჭარის მთავრობის მხრიდან მოსახლეობის მიმართ სოციალური თუ ჯანმრთელობის პრობლემასთან დაკავშირებით გაცემული კომპენსაციების და დახმარებების დისკრედიტაცია.

ბოლო 2 წლის განმავლობაში მოქალაქეთა დახმარების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური უზრუნველყოფის მიზნით გაცემულია დახმარება 600-მე მეტ მოქალაქეზე, დაფინანსდა მედიკამენტები, ქირურგიული ოპერაციები, გაიცა კომპენსაციები სოციალურად დაუცველი ოჯახების მიმართ.

სარეზერვო ფონდის საშუალებით გადარჩა ასობით ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ათობით ოჯახს შეექმნა ცხოვრების ადამიანური პირობები, ჩვენს მოქალაქეებს მოუგვარდათ უმწვავესი სოციალური პრობლემები. ოპონენტების მცდელობას ჩრდილი მიაყენონ მთავრობის გადაწყვეტილებებს, დარჩება წარუმატებელი.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჯანმრთელობის და სოციალური მიმართულებით დახმარება გაიცემა სტანდარტული პროცედურის შესაბამისად. აჭარის მთავრობის აპარატში 2020 წლის მარტის თვეში შემოვიდა მოქალაქეების მ.ქ და ნ.ფ წერილები, სადაც აღწერილი იყო განმცხადებლების ოჯახების სიდუხჭირე, მედიკამენტების საჭიროება და ჯანდაცვის პრობლემებთან დაკავშირებით შექმნილი მძიმე მდგომარეობა, რაც გამოწვეული იყო სოციალურად დაუცველობით (სოციალური ქულა 63 080) ოჯახის წევრების უმუშევრობით. განმცხადებლები, მთავრობისგან მოითხოვდნენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას (იხილეთ განცხადებები პერსონალური მონაცემთა დაცვის იდენტიფიცირების გარეშე).

მოქალაქეთა წერილები გადაეგზავნა უფლებამოსილ უწყებებს და კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ გაიცა აღნიშნული ერთჯერადი სოციალური დახმარება 2000 ლარის ოდენობით (2020 წლის 19 მარტს და 2020 წლის 24 მარტს).

საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე 18-ე მუხლის თანახმად მთავრობის თავმჯდომარის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხების განკარგვა.

საგულისხმოა, რომ სარეზერვო ფონდის განკარგვის შესახებ ანგარიში ყოველწლიურად ეგზავნება აჭარის უმაღლეს საბჭოს, განკარგვის პროცესი არის გამჭვირვალე და ყველა დეპუტატს და დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გაეცნოს'' - წერია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში