94 მომხრე და 1 წინააღმდეგი - პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა
02 ივლისი 2020,
21:00
1374 ნახვა
94 მომხრე და 1 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" მომზადებული ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. ცვლილებები დაჩქარებული წესით დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილეს.
ცვლილებების მიხედვით სავალდებულო ხდება პარტიულ სიაში განსხვავებული სქესის წარმომადგენლის შეყვანა. პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის თუ საარჩევნო სიის ყოველ ოთხეულში განსხვავებული სქესის წარმომადგენელი არ ეყოლება.
აკრძალული ხდება კენჭისყრის დღეს, სააგიტაციო მასალის განთავსება, საარჩევნო უბნის გარდა, შენობის შესასვლელიდან 25 მეტრის რადიუსშიც.
აკრძალული ხდება კენჭისყრის შენობაში ან ამ შენობიდან 25 მეტრის მანძილზე ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხებაც. ეს აკრძალვა არ შეეხება ეგზიტპოლის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას.
პროექტის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნებათ საჯარო სკოლების პედაგოგებს, სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებისას, ასევე სსიპ-ებისა და სახელმწიფოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების თანამშრომლებს.
ცვლილებების თანახმად ამომრჩევლის მოსყიდვა 100 ლარამდე თანხითაც კი, სისხლის სამართლის დანაშაული ხდება.
აკრძალული იქნება კენჭისყრამდე რვა საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების განთავსება და გადაცემა ტელევიზიისა და რადიოს ეთერში გაშვება.
საარჩევნო მიზნებით ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.
კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მედია-კამპანიისა და პოლიტიკური სუბიექტებისთვის დათმობილი საეთერო დროის მიმართულებით მთელ რიგ ცვლილებებს.