ქართული მხარე საოკუპაციო ძალების მიერ მოქალაქის დაკავებას გმობს

12 ივლისი 2020, 12:08 1277 ნახვა

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან. მისიის წარმომადგენლებმა გახელაძის ოჯახის წევრებისგან მათ ხელთ არსებული ინფორმაცია მოისმინეს.დაკავებულის ოჯახი კი ინფორმაციის მიღებას წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციას მეშვეობით შეეცდებიან. ოჯახის განცხადებით, მათ წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაცია დაუკავშირდათ.ზაზა გახელაძის ოჯახს ამ დროისთვის დაჭრილის შესახებ არანაირი დამატებითი ინფორმაცია არ აქვს. მათთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ ოჯახის წევრი, რომელიც დაკავებისას ფეხში დაიჭრა, ოკუპირებული ახალგორის საავადმყოფოში იმყოფება.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრისა და უკანონო დაკავების ფაქტს, როგორც მორიგ სახიფათო პროვოკაციას, რომელიც მიზნად ისახავს კორონავირუსის პანდემიის დროს ადგილზე ვითარების დაძაბვასა და დესტაბილიზაციას. სამინისტრო კატეგორიულად მოითხოვს დაჭრილი და უკანონოდ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გადმოცემას ქართული მხარისათვის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში