ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ საკრებულო დატოვა

13 ივლისი 2020, 14:26 1477 ნახვა

ქუთაისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ ქუთაისის საკრებულო დატოვა. ლატარია საქმიანობას ბიზნესში გააგრძელებს.
"წავედი პოლიტიკიდან და გადავინაცვლე ჩემს საყვარელ სფეროში - ბიზნესში"- განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.
ნიკა ლატარია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 2014 წლიდან მუშაობს. შემდეგი მოწვევის საკრებულოში ის საკრებულოს თავჯდომარედ აირჩიეს. 2019 წელს მან საკრებულოს თავმჯდომარეობაზე, ახლა კი დეპუტატის სტატუსზე უარი თქვა.

ოპოზიცია ლატარიას პოლიტიკაში საქმიანობას მის ბიზნეს ინტერესებს უკავშირებს. გასულ თვეს ქუთაისის ცენტრში სასტუმრო ,,ნიუ პორტი'' ,,აწარმოე საქართველოს'' მხარდაჭერით გაიხსნა. სასტუმროს მფლობელი სწორედ ნიკოლოზ ლატარიაა.

,,ქართული ოცნების" სიის მიხედვით, ნიკოლოზ ლატარია ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელმა, კობა ფხაკაძემ უნდა ჩაანაცვლოს. იმ შემთხვევაში თუ კობა ფხაკაძე დეპუტატის მანდატზე უარს იტყვის, სიის მიხედვით საკრებულოში შესვლა ქუთაისის "ახალი ინფექციური საავადმყოფოს" მთავარ ექიმს, თემურ ნადირაძეს უწევს, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატია.

ნიკოლოზ ლატარია საკრებულოში ,,ქართული ოცნება-კონსერვატორების'' წევრი იყო. მისი წასვლის შემდეგ ფრაქციის დაშლის საფრთხე შეიქმნა, თუმცა დღესვე ცნობილი გახდა, რომ ფრაქცია არ დაიშლება, რადგან ფრაქცია ,,ქართული ოცნებიდან'' ფრაქცია ,,ქართული ოცნება-კონსერვატორებში'' ოთარ ლორთქიფანიძე გადავიდა. ახალი წევრის შემატებით, ''ქართული ოცნება-კინსერვატორების'' ფრაქციამ დაფინანსება შეინარჩუნა.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში