პირი, რომელიც ქობულეთში კანაფის მოყვანა-შენახვისთვის დააკავეს, სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

17 ივლისი 2020, 13:05 6344 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა პირი, რომელიც დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის, კანაფის უკანონო მოყვანა-შენახვისთვის არის დაკავებული.

პროკურორი აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა. განმარტა, რომ არსებობს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის საფრთხე, ასევე, გამომძიებლის ინფორმაციით, ბრალდებულმა უარი თქვა ნარკოტესტზე, რაც დამატებით ეჭვებს აჩენს. ადვოკატები ბრალს არ ეთანხმებიან და გირაოს სახით 10 000 ლარი შესთავაზა სასამართლოს.

დაცვის მხარე ასევე მიუთითებდა ბრალდებულის ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობაზე. ბრალდებულის განმარტებით, არ იცოდა თუ მცენარე დიდი ოდენობით გაიხარებდა, რადგან სულ 9 ძირი კანაფი დარგო. რაც შეეხება ნარკოტესტს, ირწმუნება, რომ ხარჯს ვერ დაფარავდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას შენახვა-მოყვანა დაშვებულია მხოლოდ 266 გრამამდე, თუმცა საქმეში, მტკიცებულების სახით, გაცილებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარეა ამოღებული. მოსამართლემ პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება ასევე ბრალდებულის მხრიდან ნარკოტესტის ჩატარებაზე უარით ახსნა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 6 დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მირზა ჯიჯავაძე სამართალდამცავებმა ქობულეთში გუშინ დააკავეს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში