4 წლიანი პატიმრობა რურუას - შეფასებები

30 ივლისი 2020, 14:52 1226 ნახვა

"მთავარი არხის" დამფუძნებელი გიორგი რურუა თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. რურუას ადვოკატები გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. მათი თქმით, სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. გიორგი რურუა გასული წლის 18 ნოემბერს დააკავეს.

გამოძიება მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და ძალაში შესული განაჩენის, ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ანდა, მისი შესრულებისთვის ხელის შეშლას ედავება. შეგახსენებთ, რომ რურუა ერთ-ერთია იმათგან, ვის გათავისუფლებასაც ოპოზიცია 8 მარტის შეთანხმების ფარგლებში ითხოვდა.

მოსამართლის ვერდიქტს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებენ რურუას ადვოკატები და მას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა, როგორც ამბობენ, ამ შემთხვევაშიც მათ წინასწარ იციან, რომ რურუას არ გაამართლებენ. ღიად და უტიფრად შესრულებულ პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს ფაქტს ოპოზიციის ნაწილიც.

”ევროპული საქართველოს” ლიდერები ამბობენ, რომ ქართული ოცნება რურუას პატიმრობის გამო დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის. მმართველი გუნდის წევრები კი აცხადებენ, რომ სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო, რითაც, მათივე განმარტებით, წერტილი დაესვა ოპოზიციის კამპანიას რურუას  უდანაშაულობის შესახებ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში