პროკურატურამ ქვემო ფონიჭალაში ავარიის შედეგად ოთხი ადამიანის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა

18 აგვისტო 2020, 15:06 1483 ნახვა

პროკურატურამ თბილისში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც  ოთხი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. 

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  15 აგვისტოს, ღამის საათებში, ქვემო ფონიჭალის დასახლებაში, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ვერ უზრუნველყო საგზაო მოძრაობის  წესების დაცვა და ყოველგვარი  ხელისშემშლელი პირობების გარეშე, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დაეჯახა გაჩერებულ ავტომანქანას  და მის უკან მდგომ ქვეითებს რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ორი პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო ორი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალნენ, სხვა დაშავებულები  მოთავსებული არიან სამედიცინო დაწესებულებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს.  მას ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეცხრე ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ჩადენილი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ)  და 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) 18 აგვისტოს წარედგინა.

პროკურატურამ  ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში