ამომრჩევლის იძულებასა და დაშინებაზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდეს - ''ქართული ოცნების'' ინიციატივა

26 აგვისტო 2020, 14:26 1724 ნახვა

''ქართული ოცნება'' ინიციატივით გამოდის, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც, მკაცრი სანქციები განისაზღვრება იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. 

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებენ. 

„ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმების გატარების შემდეგ, ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. “ქართული ოცნება” გამოდის ინიციატივით, რომ „საარჩევნო კოდექსში“ შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე.

საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ანალოგიური ცვლილება შევა „სისხლის სამართლის კოდექსშიც“. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

შესაბამისი ცვლილებები მომზადებულია და დღეს დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში. ამ ცვლილებებით როგორც ხედავთ, კიდევ უფრო მკაცრდება პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესში შესაძლო სამართალდამრღვევთა მიმართ და იზრდება ამომრჩევლის, მისი თავისუფალი არჩევანის და ამ არჩევანის ფარულობის დაცვის ხარისხი'' - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში